კვირიკაშვილი საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესომბუდსმენ გიორგი გვახარიას დაავალა, უახლოეს მომავალში, ორგანიზება გაუკეთოს შეხვედრას საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში დაიწყება შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს.

ამისთვის, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყებთ ძალიან ინტენსიურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან და ამასთანავე, საქმიანი წრეების წარმომადგნელებს და მინდა, ბატონ გიორგი გახარიას, ბიზნესომბუდსმენს ვთხოვო, უახლოეს მომავალში გააკეთოს ორგანიზება საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.

მინდა, ვთხოვო, რომ ეს არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მსხვილი ბიზნესი, მოვძებნოთ ახალი სახეები, ძალიან ბევრი საინტერესო ახალი მეწარმეა, ბიზნესია და მინდა მათ წარმომადგენლებსაც აუცილებლად შევხვდეთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა.

„ასევე, მინდა უახლოეს დღეებში გავუკეთოთ ორგანიზება არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას, მინდა მოვისმინო მათი წინადადებები, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური და გამჭვირვალე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...