“ლა ლა ლენდს” საუკეთესო ფილმის კატეგორიაში “ოსკარი” შეცდომით გადასცეს (ვიდეო)

ოსკარის პრემია საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ბარი ჯენკინსის ფილმმა “მთვარის შუქმა” დაიმსახურა. ფილმი მოზარდის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც მაიამის ღარიბულ რაიონში იზრდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვებულის გამოცხადებისას შეცდომა მოხდა და გამარჯვებულ ფილმად “ლა ლა ლენდი” გამოაცხადეს.

შეცდომა ჰოლივუდის მსახიობმა უორენ ბიტმა დაუშვა, რომელმაც განაცხადა, რომ მას სხვა კონვერტი მისცეს. ორგანიზატორებმა აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადეს.

“ლა ლა ლენდის” გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, ფილმის გუნდი სცენაზე ავიდა და სამადლობელი სიტყვის წარმოთქმა დაიწყო. შემდეგ კი ისინი ერთ-ერთმა პროდიუსერმა გააჩერა, რომელმაც განაცხადა, რომ სინამდვილეში გამარჯვებული ფილმი “მთვარის შუქი” გახდა.

მას მერე, რაც გაირკვა, რომ სინამდვილეში გამარჯვებული ფილმი “მთვარის შუქია”, მიუზიკლის პროდიუსერმა ჯორდან ჰოროვიცმა ჯილდო “მთვარის შუქის” პროდიუსერებს გადასცა.

ამგვარად, მთლიანობაში, “ლა ლა ლენდი” ოსკარის რეკორდულ, 14 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, საიდანაც ექვსში გაიმარჯვა.

მისმა რეჟისორმა დემიენ შაზელმა “ოსკარი” საუკეთესო რეჟისურისთვის დაიმსახურა. შაზელი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორია, რომელსაც “ოსკარი” აქვს მიღებული.

საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გამარჯვებული ემა სთოუნი გახდა, რომელმაც „ლა ლა ლენდში“ მთავარი როლი შეასრულა, ხოლო საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შესრულებისთვის “ოსკარი” კეისი აფლეკმა დაიმსახურა.

ipress.ge
Comments
Loading...