„ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ დევნას ახორციელებს.
ამის შესახებ გუგავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტიის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია.
„ეს არის კრიმინალიტეტის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო დევნა ყველაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიმართ. მან, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, „ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში არ შეუშვა. მან საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრები წაგვართვა. ამჟამად, მევახშე ფინანსთა მინისტრის მეშვეობით, პარტიის ანგარიშები დააყადაღა, რათა მისი პარალიზება მოახდინოს“, – განაცხადა გუგავამ.
პარტიის პოლიტიკური მდივანი საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, თავიანთი ქვეყნის ხელისუფლება აიძულონ, იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყნის წარმომადგენლებიც თვითონ არიან, „ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები დააყადაღონ“.
„მივმართავ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, მმართველ კრიმინალურ ძალას მიმართონ და პარტიის ანგარიშს ყადაღა დაუყოვნებლივ მოხსნან. ასევე, საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას მოსთხოვონ, რომ ივანიშვილის კრიმინალური გზით ნაშოვნი ანგარიშები დააყადაღონ“, – აღნიშნა გიორგი გუგავამ.