ლევან ბერძენიშვილი: ჩემი აზრით ურთმელიძემ გადაწყვეტილება არაობიექტურად მიიღო

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო და საქალაქო სასამართლოც პოლიტიკურ სიმპათიებს ამჟღავნებენ, რაც მიუღებელია.

ამის შესახებ ბერძენიშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე არ ვარ იურისტი და ვერ ჩავიხედავ მათ გადაწყვეტილებებში, მაგრამ თვითონ მუშაობის სტილი, ნაჩქარევი, სწრაფი გადაწყვეტილებები საკონსტიტუციო სასამართლოში თუ საქალაქო სასამართლოში მიუთითებს, რომ აქ არის ინტერესები, რომლებიც გასცდა იმ საქმეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მიღებული გადაწყვეტილებები არცერთი არ არის საქართველოსთვის სასარგებლო. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის არც მოსამართლის გადაწყვეტილება და არც მისი აღსრულება და არც მისი არაღსრულება ევროპაში არ მიგვიყვანს. ამიტომ ყველა მხარეს მოვუწოდებ, დარჩნენ კანონიერების სივრცეში. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ასევე უნდა მივმართოთ მოსამართლეებსაც და შევახსენოთ, რომ ყველანი ჩვენ, მოსამართლეები, პარლამენტის წევრები თუ სხვები უნდა ვიყოთ კონსტიტუციის ქვეშ და ვმოქმედებდეთ კანონის ფარგლებში“ – აცხადებს ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება არაობიექტურადაა მიღებული.

„მოსამართლეს გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში უნდა მიეღო. ეს, შეიძლება, ღამეც მომხდარიყო და დილითაც. აქ არ არის პრობლემა ღამეში, დილითაც რომ მიეღო, იგივე პრობლემა გვექნებოდა. პრობლემა კი ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, ობიექტურად არ არის მიღებული, ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, არ იყო ობიექტურად მიღებული. ეს სასამართლოები მხარეებად იკვეთებიან, რაც წარმოუდგენლად ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის“ – აცხადებს ბერძენიშვილი.

Comments
Loading...