ლევან ბერძენიშვილი – მეჭიაურის და ”ქართული ოცნების” გზები გაიყარა

დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ თამაზ მეჭიაურისა და ,,ქართული ოცნების“ გზები გაიყარა. როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მეჭიაური საკუთარ პარტიასთან დაპირისპირებული აღმოჩნდა.

”ვფიქრობ, ეს საკითხი ამოიწურა. ბატონი თამაზის აზრები არ დაემთხვა პრემიერისას. მიუხედავად მცდელობისა, გადაგვეტანა ეს ,,რესპუბლიკელებთან“ დაპირისპირებაში, მაინც აღმოჩნდა, რომ დაპირისპირება არსებობს საკუთარ პარტიასთან. ბატონი თამაზის და ,,ქართული ოცნების“ გზები გაიყარა. ეს ჩვენი პრობლემა არ არის, არც არასოდეს იყო”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე შეფასებით, სამართლიანია პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომ თუ ”ქართული ოცნების” ახალ ლიდერად იქნება არჩეული, იმ ადამიანებთან ერთად არ იმუშავებს, ვისაც ჩვენი ევროპული მომავლის და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივის არ სჯერა.

როგორც ცნობილია, თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ”ქართული ოცნება” დატოვოს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილსა და ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციის შედეგად მიიღებს.

Comments
Loading...