ლევან მურუსიძე: არც ნატა ნაზღაიძეს და არც მის ძმას ერთი თეთრიც არ აუღიათ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე წილისწამებას უწოდებს „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლის ნატა ნაზღაიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.
„ბოლო დღეების განმავლობაში, მიდის ცილისწამება, რომ კონკრეტულმა მოსამართლემ ნატა ნაზღაიძემ აიღო მილიონი ლარი, რათა განეხილა ერთ-ერთი საქმე. ეს არის აბსოლუტური ცილისწამება, ეს არის სასამართლო სისტემისთვის და კონკრეტული მოსამართლისთვის ტალახის სროლისა და დისკრედიტაციის მცდელობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაუშვებს ულტიმატუმებს, რომ შეაჩეროს ამა თუ იმ მოსამართლის საქმიანობა“, – განაცხადა მურუსიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ თბილისის მერიიდან არათუ ნატა ნაზღაიძეს, არამედ მის ძმასაც არ აუღია ერთი თეთრი.
მურუსიძე აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით გარიგება მოხდა 2013 წელს, როდესაც „რუსთავი 2“ საქმე საერთოდ არ არსებობდა.
„მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბატონ პრეზიდენტს და ყველას, ვინც დაინტერესებულია სასამართლო სისტემით, რომ შეფასება მისცენ აღნიშნულ ფაქტს, თუ რამდენად მორალურია და რამდენად ჯდება კანონის ფარგლებში, რომ მოსამართლის მიმართ გამოითქვას ისეთი ბრალდებები, როგორიც არის ქრთამის აღება იმ დროს, როდესაც ეს არ არის დადასტურებული. ვესაუბრე ნატა ნაზღაიძესაც, დავინტერესდი ამით, გავეცანი დოკუმენტებსაც. ჩემი მოსაზრებით, ნატა ნაზღაიძე საერთოდ არაფერ შუაშია, არც მას და არც მის ძმას, ერთი თეთრიც არ აუღიათ. თუ იქნება საუბარი ულტიმატუმების ენით, ეს დარჩება მხოლოდ გულის მოოხებად“, – განაცხადა მურუსიძემ.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნულ თემაზე განაცხადა, რომ ნატა ნაზღაიძის ძმას, თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი თანხა კანონის დაცვით გადაურიცხა.
„დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც არის განხორცილებული აღნიშნული ოპერაცია სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია. თანხის მოცულობა, რომლითაც განსაზღვრულია და შეფასებულია იმ ნაკვეთის 1624 კვ. მ-ის ღირებულება, რომელიც იქნა დათმობილი და ეს ნაკვეთი სტიქიური უბედურების ზონაში მდებარეობს, ამ ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ, მისმა მფლობელმა მიიღო ნაწილობრივ მიწის ნაკვეთი, ეს არის დაახლოებით 515 000 ლარი და დარჩენილი სხვაობა დაახლოებით 455 000 ლარი ანაზღაურებულ იქნა საბანკო ანგარიშის საფუძველზე. ანალოგიური პროცესი, ზუსტად განხორციელდა თამაზ და მედეა ელიზბარაშვილების ქონების გამოსყიდვის შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.