ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანებს სამი წარმატებული ახალგაზრდა შეემატა

31 მარტს, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში, ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა პრესას წარუდგინა ბრენდის ახალი დესპანები: ნინო ხომერიკი – მოჭადრაკე, მზია ბებოშვილი – ძიუდოისტი და ელენე მიდელაშვილი – ასტრო-ფიზიკოსი.
„მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ლიბერთი ბანკის ახალი დესპანები, უნიჭიერესი ადამიანები, რომლებიც მთელი შეგნებითა და კოლოსალური შრომით ცდილობენ წარმატების მიღწევას. თითოეული ნიჭიერი ახალგაზრდის გამარჯვება და წინსვლა ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატების ისტორიაა და ამიტომ, ლიბერთი ბანკი მუდამ მზადაა ხელი შეუწყოს ნებისმიერ სფეროში მოღვაწე გამორჩეული მონდომებითა და ნიჭით დაჯილდოვებულ ახალგაზრდებს დასახული მიზნების მიღწევაში, იქნება ეს სპორტი, მეცნიერება თუ ხელოვნება.“ განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა
ნინო ხომერიკი დაიბადა 1998 წლის 10 მარტს, ქ. თბილისში. მამამისი, გიორგი ხომერიკი, საქართველოს დამსახურებული ჭადრაკის მწვრთნელი, 4 წლის ასაკიდან ყოველდღიურად წვრთნიდა მას, და 5 წლისამ, უკვე აქტიურად დაიწყო სატურნირო გამოსვლები.
ნინომ პირველი საჭადრაკო სერიოზული წარმატება 2007 წელს მოიპოვა, როცა საქართველოს ჩემპიონი გახდა 10 წლის გოგონებს შორის, მას შემდეგ რეგულარულად იგებს საქართველოს ჩემპიონატებს, როგორც თავისი ასაკის, ისე 2 წლით უფროსი ასაკის მონაწილეთა შორის. ასევე მუდმივად წარდგენილია მსოფლიოსა და ევროპის პირველობათა ხუთეულში.
2012 წელს ნინომ მსოფლიოს პირველობა სლოვენიაში მოიპოვა და ფიდეს ოსტატის წოდება მიენიჭა, 2014 წელს ბათუმში ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2015 წელს ხორვატიაში ევროპის ჩემპიონი გახდა და საერთაშორისო ოსტატის წოდება მიენიჭა, ვეიკ ან ზეეს საერთაშორისო ტურნირში დიდოსტატის ბალიც შეასრულა, რამაც კიდევ ერთი დიდი წარმატება მოუტანა.
მზია ბებოშვილი დაიბადა 1998 წლის 9 ივლისს, ქ. თელავში. 2011 წლიდან დაიწყო მისი წარმატებული კარიერა ძიუდოში. 2012 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი და ასევე საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი. 2013 წელს ჩაერთო ევროპის დონის შეჯიბრებებში და მიიღო მესამე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე. ამავე წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი უფროსი ასაკის მონაწილეთა შორის. 2014 წელს გახდა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი, ევროპის თასის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონი. 2015 წლის დასაწყისში აიღო ევროპის ჩემპიონატის პირველი ადგილი, გახდა ევროპის თასის პრიზიორი საქართველოში ჩატარებულ ოლიმპიური ფესტივალის შეჯიბრებაზე, ხოლო ამავე წლის ბოლს კი ოლიპიური ჩემპიონი, შევიდა მსოფლიოსა და ევროპის რეიტინგის საუკეთესო სამეულში და დასახელდა „წლის აღმოჩენად“.
ელენე მიდელაშვილი დაიბადა 1993 წლის 3 დეკემბერს, თეთრი წყაროს რაიონის სოფ. საღრაშენში. სწავლობს მაგისტრატურის პირველ კურსზე, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის, ფიზიკისა და ასტროფიზიკის მიმართულებით; დამატებითი სპეციალობა – ფსიქოლოგია. 2008 წელს აიღო პირველი ადგილი საქართველოს მასშტაბით გამართულ ქართული ენის ლინგვისტურ კონკურსში. 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტისაგან დაჯილდოვდა, როგორც წარჩინებული მოსწავლე. 2013 – 2014 წლებში ელენე გახდა სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენციის ,,მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალის’’მონაწილე და სპეციალური პრიზის მფლობელი. 2015 წლიდან ის გახდა თეორიული ფიზიკის ინსტიტუტისა და ფიზიკის მოყვარულთა კლუბის სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენციის ,,მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალის” საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. 2013 წლიდან მუშაობს, როგორც მკვლევარი, თეორიული ასტროფიზიკის ცენტრში, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში, ასევე, როგორც ასისტენტ-მკვლევარი – შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტებში.
ამჟამად ლიბერთი ბანკს 5 დესპანი ჰყავს, მათ შორის არიან ირაკლი ბოლქვაძე – მოცურავე და ნიკოლოზ ბასილაშვილი – საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების წევრი.
ლიბერთი ბანკი მუდმივ მზადყოფნაშია ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს სპორტი, მეცნიერება თუ ხელოვნება, აღმოაჩინოს ახალგაზრდები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ წარმატებისათვის და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაში.

Comments
Loading...