ლიკა საჯაია – ფარულ მოსმენებზე “გასაღები“ კვლავ სუს-ს რჩება
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება – ფარულ მოსმენებზე “გასაღები“ კვლავ სუს-ს რჩება, – ამის შესახებ კამპანია “ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა გიორგი გოცირიძემ და ლიკა საჯაიამ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის დახურული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარადგინა კონცეფცია, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სუს-ის დაქვემდებარების ქვეშ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
როგორც კამპანია “ეს შენ გეხებას“ წევრები აცხადებენ, თუკი პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სურს, მან ამ განზრახვაზე უარი უნდა თქვას.
“მოვისმინეთ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის მიერ შემუშავებული პრინციპები და კონცეფცია და ასევე, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელთა მოსაზრებები. ჯერჯერობით მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა იკვეთება ტენდენცია იქეთკენ, რომ შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდება. თუკი კანონში ამგვარი ცვლილება შევა, ჩვენ მივიღებთ რეალობას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, საკონსტიტუციო წესრიგს უგულვებელვყოფთ, რაც ძალიან ცუდი იქნება. ქვეყანაში, სადაც საკონსტიტუციო წესრიგს არ სცემენ პატივს, შეუძლებელია დაცული იყოს ადამიანის უფლებები და სახელმწიფოს უსაფრთხოება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლიკა საჯაიამ, პარლამენტში გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი მუშაობის პროცესში აღნიშნულ პოზიციას დათმობს.
ipn.ge