,,ლიხნის კრება“ რუსეთის წინააღმდეგ – აფხაზეთში პროტესტი ძლიერდება, ოპოზიცია ხაჯიმბას ხელისუფლებას აცლის

ოკუპირებულ აფხაზეთში შიდა დაპირისპირებაა. აფხაზური ოპოზიცია, რომელიც რუსეთის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი, ხაჯიმბას უპირისპირდება. ანტირუსულად განწყობილ აფხაზებს რუსეთისგან დისტანცირება და დამოუკიდებლობა სურთ. პროაფხაზურ წრეებში ყველა იმ დოკუმენტს აპროტესტებენ, რომელიც პუტინის რუსეთმა დეფაქტო აფხაზეთის მთავრობასთან ერთად მიიღო.

აფხაზეთის ომის წინ 1989 წლის 18 მარტის შემდეგ, გუშინ ისტორიულ მუხასთან მესამე ლიხნის კრება შედგა – ამჯერად გადაწყვეტილება ხაჯიმბას დამხობა იყო. ოპოზიციის ლიდერმა ანქვაბმა ხაჯიმბა აიძულა თანამდებობები დაეთმო და ოპოზიციისთვის ხელისუფლება გაეყო.

რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას და სად წყდება აფხაზეთის ბედი?

,,ნიუპოსტი“ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე პაატა დავითაიას ესაუბრა. ,,ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი ფიქრობს, რომ რუსეთი ხაჯიმბას ჯერ კიდევ ინახავს და ეს სავარაუდოდ აფხაზეთის რკინიგზაა.

_აფხაზეთში მიმდინარეობს ბრძოლა ორ შტოს შორის ხელისუფლებისთვის. ეს არის პროაფხაზური და პრორუსული შტო. პრორუსულია ის ძალები, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში და რომლებმაც ხაჯიმბას მეთაურობით გააფორმეს რუსეთთან ე.წ. ხელშეკრულებები ასოცირებულ წევრობაზე, იგივე ქონების გადასახადზე და ა.შ. რამაც ძალიან უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა პროაფხაზურ წრეებში. აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არ არსებობს პროქართული ფრათა, ესენი არ არიან ჩვენს მიმართ კარგად განწყობილი და იცავენ მხოლოდ თავიანთ ინტერესებს. პროაფხაზურ ფრთას წარმოადგენს ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც არ ჩანს წინა პლანზე, აქ ძირითადად აქტიურობს ბჟანია, რომელიც არის მთავარი მოქმედი ლიდერი ამ ოპოზიციური მოძრაობის.

_რუსეთის ფაქტორი როგორ შეიძლება განვიხილოთ ამ პროცესებში?

_ყველას გვახსოვს, როცა სიტუაცია იძაბებოდა, რუსეთი შეეცადა გაენეიტრალებინათ ვითარება და მათ რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს – იყოს თუ არა ვადამდელი არჩევნები. თუკი ხალხი იქნებოდა მომხრე ვადამდელის, მაშინ არჩევნები ჩატარდებოდა, სახელისუფლო ძალების სურვილი იყო საზოგადოება წინააღმდეგი წასულიყო ვადამდელი არჩევნების, თუმცა მოხდა საოცრება – რეფერენდუმზე არავინ მივიდა და ის არ შედგა. ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ რეალურად რუსულმა თამაშმა არ ითამაშა. ამას შემდგომ მოჰყვა ბჟანიას დაკავება და დაპირისპირებები, ამის შემდეგ მოხდა ლიხნში ყველაზე ლეგიტუმური ორგანოს უხუცესების შეკრება მუხის ხესთან, სახალხო კრება, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხაჯიმბა უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, რადგან ის ატარებს პრორუსულ და არა პროაფხაზურ ინტერესებს. ისეთი პიროვნებაც კი, როგორიცაა ანრი ჯერგენია, არძინბას ნათესავი, რომელიც ხაჯიმბას ერთ-ერთი მთავარი მომხრე იყო, ისიც კი ხაჯიმბას ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდა. ამის შემდეგ დაიწყო მღელვარებები.

ოპოზიციის პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოტივი თავის დროზე ასევე იყო ჰაკერების მიერ გამოქვეყნებული სურკოვის წერილი, რომელიც არის კრემლის მხრიდან აფხაზეთის კურატორი. ის თავის მიმოწერაში ძალიან ცუდად მოიხსენიებდა აფხაზებს. ეს ყველაფერი დღეს დაგროვდა და იქცა პროტესტის სერიოზულ მიზეზად აფხაზეთბისთვის.

გუშინ იყო საინტერესო ფაქტი, როცა შეიკრიბნენ მომიტინგეები, ხაჯიმბას აღარ დარჩა აფხაზებში მომხრე და მან წამოიყვანა ავტობუსები გალის რაიონიდან ქართული მოსახლეობის წასაყვანად. ეს რა თქმა უნდა არ გამოუვიდა, ძალით უბრალოდ ვერ წაიყვანეს. გუშინვე პრეზიდენტის სასახლეს ალყა შემოარტყეს, მომიტინგეები აპირებდნენ ხაჯიმბას გადაყენებას, მაგრამ მოხდა ის, რომ რუსული სპეცსამსახურების ჩარევით დაალაგეს სიტუაცია – ხაჯიმბას დაათმობინეს გენერალური პროკურორის პოსტი, ვიცე პრემიერებისა და მინისტრის მოადგილეების, რაც ოპოზიციას გადაეცემა. რეალურად საუბარია ხელისუფლების გაყოფაზე. გუშინ რომ ხაჯიმბა გამოეყვანათ კაბინეტიდან მთელი რუსული გეგმა ჩავარდებოდა.

_როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

_პროგნოზი არის ის, რომ თუკი ანქვაბის მხარე დადგება ძალიან მკაცრად, რაშიც თითქმის დარწმუნებული ვარ, მათ უკვე მიიღეს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პოსტი ძალოვან უწყებაში, მაშინ ხაჯიმბას ძალაუფლება ხელიდან გამოეცლება.

ჩემი აზრით, ანქვაბის მხარე ამ სისტემაში ძალინ მკაცრად იმოქმედებს და ჯახიმბას მოუწევს გასვლა

_მაშინ რიღასთვის სჭირდება რუსეთს ხაჯიმბა?

_რუსებმა ჩემი აზრით მოიგეს დრო, პროაფხაზურად განწყობილები არანაირ დოკუმენტს რუსეთთან ხელს არ აწერენ. მე ვფიქრობ, რომ ხაჯიმბას შენახვა უკავშირდება აფხაზეთის რკინიგზას. ანქვაბის მხარე წინააღმდეგია ჩვენი რკინიგზის გახსნის და ამაში ხედავენ აფხაზეთის ინტერესების შელახვას. რაც შეეხება ხაჯიმბას, პუტინის დოკუმენტი, რომელიც მიღებული იყო ერთობლივი ჯარების შექმნასთან დაკავშირებით, იქ პირდაპირ წერია, რომ ერთობლივი ჯარები უზრუნველყოფენ ტრანზიტულ გადაზიდვებს აფხაზეთის რკინიგზაზე, ტრანზიტული გადაზიდვები კი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოდან. ამიტომ, ცალსახაა, რომ მოსკოვმა ხაჯიმბა რაღაცისათვის დაიტოვა. ვშიშობ ეს არის რკინიგზასთან დაკავშირებული. ხაჯიმბა რომც წავიდეს ამ ნაბიჯზე, პროაფხაზური ძალები ამ რიგინიგზას ააფეთქებენ, ჩვენც კი არ დაგვჭირდება დამატებითი ღნისძიებების გატარება.

_ფიქრობთ, რომ რუსეთი დამატებით არ ჩაერევა, მითუმეტეს როცა რკინიგზის ინტერესი იკვეთება? და აქვე გამორიცხავთ, რომ რუსული სპეცსამსახურები ოპოზიციას არ აკონტროლებენ?

_ბჟანიას დაკავება იყო ჩარევა, მაგრამ ამას მოჰყვა ის, რომ ტამიში გადაკეტეს და ხალხი გამოვიდა ქუჩაში. გავიხსენოთ ორი მაგალითი, როცა არძიმბას უნდა დაეტოვებინა ხაჯიმბა და ბაგაფშმა მოუგო, ხალხი გამოვიდა ქუჩაში და გადაკეტა რუსეთისკენ მიმავალი გზა და მეორეთაც იგივე მოხდა, როცა ანქვაბმა მოიგო, მაგრამ ანქვაბი მაშინ რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩამოაგდეს და ხაჯიბმამ გამოიყენა მაშინ ეროვნული ტალღა და დადო პირობა, რომ ეროვნულ ინტერესებს გაატარებდა. ხაჯიმბას მოსვლის შემდეგ, დაიწყო ღიად პრორუსული ინტერესების გატარება და ამან გამოიწვია აფხაზეთის პროტესტი. როგორც აღვნიშნე, აფხაზი მომხრე არ დარჩა ხაჯიმბას და გუშინ ქართველების გამოყენება გადაწყვიტა, იმ ქართველების რომლის განადაგურებისთვისაც იბრძვის თვითონ. ამიტომ, დღეს რუსთმა რაც არ უნდა მოინდომოს, მაინც უჭირს. მათ ერთის მხრივ ხაჯიმბას დაათმობინეს პოსტები და მეორეს მხრივ ოპოზიციაც დაითანხმეს, ნუ გვავიწდება, რომ ოპოზიციას თანხმობა რომ არ მიეცა, არ გამოვიდოდა, ანუ ოპოზიციაშიც რუსულ სპეცსამსახურებს ჰყავს თავისი დასაყრდენი, ფაქტია, რომ ანქვაბთანაც აქვთ ურთიერთობა.

ამით რუსეთი დროს წელავს. ჩემი ვარაუდია, რომ რკინიგზაზეა საუბარი და მაქვს ინფორმაცია, რომ ქართულ მხარესთან აქვს საუბრები რუსეთს ამ მიმართულებით. თუ ანქვაბის ხელისუფლება იქნება, მაშინ ეს საკითხი არ შედგება, ხოლო პრორუსები ამ სისტემაზე მუშაობენ.

_რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ რომ ქართული მხრიდან ანქვაბთან რაიმე კავშირი არსებობს, ან როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენმა მთავრობამ და სპეცსამსახურებმა?

_დაგვიანებულია მათთან ურთიერთობა და არც აქვთ კავშირი. დაგვიანებული იმიტომაც, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს ადამიანი, ვინც იცნობს ამ ხალხს ან ვის მიმართაც აფხაზები პატივისცემით არიან განწყობილი. რეალურად ყველაზე რადიკალური პროაფხაზი არის ჩვენი მოკავშირე რუსეთის წინააღმდეგ. მათ ჩვენთან ცხოვრება არ უნდათ, მაგრამ ჩვენი მოკავშირეა იმაში, რომ რუსეთი არ უნდათ და ამისთვის ისინი მზად არიან, ჩვენთან კავშირში იყვნენ.

ანანო კვაჭანტირაძე

წყარო:newposts.ge

Comments
Loading...