ლუკა გვაზავა:”ამ ყველაფერმა უნივერსიტეტი საერთოდ გადამავიწყა”
old.mpress.ge აქტიურად უწევს პოპულარიზაციას იმ ადამიანებს, რომლებიც ინტელექტუალური რესურსით საკუთარ ქვეყანას ემსახურებიან.საბედნიეროდ ასეთი ადამიანი საკმაოდ ბევრია და ყველა მათგანს საკუთარი ხერხი აქვს მოძებნილი,თუ როგორ უნდა იზრუნოს “სამყაროზე”.სამწუხაროდ ქართულ რეალობაში ასეთ ადამიანებს ნაკლებად უწევენ პოპულარიზაციას ,რადგანაც ახლა ყვითელი ისტორიები უფრო გამართლებულია. თუ ვინმეს ხელი გაქვთ ჩაქნეული “დღევანდელ ახალგაზრდობაზე”მინდა დაგამშვიდოთ… არსებობენ ახალგაზრდები ,რომლებიც უანგაროდ ადამიანებს, უდიდეს ემოციას,ინტელექტუალურ ფასეულობას უნერგავენ და ეს ყველაფერი არ ხდება რუტინული,ერთფეროვანი, არაფრისმომცემი დარიგებებით……
old.mpress.ge გთავაზობთ facebook გვერდის (link)”დრო მიდის,კადრები კი რჩება”გვერდის ერთ-ერთ წარმომადგენელსა და ავტორს რომელიც ამ საინტერესო სოციალური გვერდისა და საკუთარ ისტორიას გვიყვება.
ჩემი სახელია ლუკა გვაზავა, თუ ჩვენი გვერდი (დრო მიდის, კადრები კი რჩება) მოწონებული გაქვთ, ხშირად შეგხვდებოდათ ჩემი სახელი.
22 წლის ვარ, თუმცა ვისურვებდი უფრო პატარა ვყოფილიყავი, ბევრ რამეს შევცვლიდი, პირველ რიგში ბავშვობიდანვე დავიწყებდი კითხვას და არა ზრდასრულობიდან, მაგრამ სიზარმაცე მერეოდა ბავშვობაში, თუმცა დანაკლისს ახლა ვინაზღაურებ.
3 წლის წინ, მაშინ როდესაც მივხვდი რომ ცხოვრებაში არაა მთავარი ფარატინა დიპლომი და საჭიროა ზოგადი განათლების სიღრმეში შეძრომა, გადავყწვიტე იქ მეძებნა ცოდნა და გამოცდილება სადაც ყოფნა მსიამოვნებდა – კომპიუტერის ეკრანთან.. ამრიგად აღმოვაჩინე გვერდი – ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს.. – ამ გვერდის მთავარ ადმინს ვთხოვე ჩემთვისაც მოეცა ადმინის ფუნქცია რათა მეც შემძლებოდა ხალხის შემეცნებაში წვლილის შეტანა და უამრავი ფოტო, ფაქტი თუ ისტორია რომელიც ვიცოდი ხალხისთვის გამეზიარებინა. ამიხდა ეს სურვილი, თუმცა 2 თვეში გვერდი დაიბლოკა..
მაშინ როდესაც იმ დროისთვის დიდი (100 000 ლაიქიანი) გვერდი დაგვებლოკა, საქმის ახლიდან დაწყების შნო გაცრეცილი გვქონდა ყველას, თუმცა 2013 წლის 11 აგვისტოს, შევედი ფეისბუქზე, და ახალი გვერდი გავხსენი.. სახელზე ბევრი არ გვიფიქრია, ყოველთვის ვფიქრობდი რომ დრო მიდის, კადრები კი რჩება – ჰოდა დავარქვით.
მას შემდეგ უამრავი ადამიანი დაგვემატა, დაახლოებით 25-ნი ვართ და ვფიქრობ რომ ყველას თანაბარი წვლილი მიგვიძღვის იმაში რომ დღეს ხალხს ასე ვუყვარვართ, ჩვენთვის არასოდეს ყოფილა მთავარი ეს გაცვეთილი მოწონებები, ნახვები და ა.შ. – გვირჩევნია ერთმა ადამიანმა ცოდნა მიიღოს, რაღაც ახალი შეიძინოს, ვიდრე 2000-მა უბრალოდ სურათს შეხედოს და არავითარი ემოცია არ აღიძრას მასში.
ჩვენი გვერდის იდეა ემოციის აღძრაში მდგომარეობს, ვცდილობთ თითოეულმა ფოტომ ჟრუანტელის დავლა გამოიწვიოს ადამიანში და მგონი ხშირად გამოგვდის, გვიყვარს როდესაც გვაქებენ, ვამაყობთ ჩვენი გვერდით, იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობთ პირადად, ერთად ვაკეთებთ საქმეს, რომელსაც ბევრი ჩვენი მომწონებლის ცოდნაზე დადებითად უმოქმედია, და ეს რაღაც რომანტიულია.
ბევრჯერ გვითქვამს თანხაზე უარი, ჩვენი აქტიური მომხმარებლები შიშობენ რომ ხარისხს გავაფუჭებთ, ან გვერდს გავყიდით, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ ერთადერთი რისთვისაც ეს გვერდი არსებობს სულიერი სიამოვნებაა, რომელსაც ჩვენ იმით ვიღებთ, რომ სხვას ვანიჭებთ.
“დგახარ სანაპიროზე და შეიგრძნობ მარილით გაჟღენთილი ჰაერის სუნს” – ფილმიდან კაკუნი სამოთხის კარზესოხუმი,საქართველო.
ხშირად შეხვდებით ჩვენს გვერდზე სოხუმის და ცხინვალის ფოტოებს, მიზეზი მარტივია, ჩვენ გვინდა რომ ყველას გვახსოვდეს თუ რამხელაა ჩვენი ქვეყანა, დიდი საქმეები, პატარა ნიუანსებით კეთდება, და თუ ჩვენი გვერდი ხალხის განათლებასა და შემეცნებაში რაიმე როლს ითამაშებს, ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ, რომ ქვეყნის წინსვლაში წვლილი მიგვიძღვის, შეიძლება სერიოზულად არ ჟღერს, მაგრამ თუ სიღრმისეულად დავუკვირდებით ეგრეა, ჩვენ განათლება გვწყურია, განათლების წყარო კი არაერთია, მათ შორის ჩვენი გვერდი.
სხვათაშორის სამსახური მისი მეშვეობით დავიწყე, წელიწადნახევრის წინ, ციფრულ კრეატიულ სააგენტო “ლივინგსტონში” ვაკანსია იყო, ერთ-ერთმა ადმინმა დიტო დოლიძემ, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი მითხრა ვაკანსიის შესახებ, მეც ვცადე ბედი… ახლა ეს წელიწადნახევარი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესოა, რადგან ვაკეთებ საქმეს რომელიც მიყვარს, ადამიანებთან ერთად რომლებსაც ეს საქმე ჩემსავით უყვართ და იციან, ვიგებთ პრიზებს, ვმოგზაურობთ და ა.შ. სულ დამავიწყდა რომ კვების ტექნოლოგიის მეოთხე კურსი მაქვს დასახური.
ფოტოზე:დიტო დოლიძე,ლუკა გვაზავა.
ჩვენს მომწონებლებს კი მინდა ვუთხრა, რომ გვიხარია, როდესაც უხარიათ, და მათი თითოეული კომენტარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქებაც და კრიტიკაც.
13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის დროს, ავსტრიიდან, ჩვენი გვერდის ერთ-ერთმა აქტიურმა მომხმარებელმა 300 ევრო გამოგვიგზავნა, რათა გვერდის სახელით დაზარალებულებს დავხმარებოდით, ასე რომ ჩვენი მუშაობა მარტო სურათებით არ შემოიფარგლება, ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა უფრო ბედნიერი და განათლებული იყოს, და ამისთვის ინტერნეტ სივრციდან ვიღწვით, ვთვლით რომ ყველამ ის უნდა აკეთოს რაც მეტად შეუძლია….