მაგდა პაპიძის დედასა და გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილის ახლობელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

მაგდა პაპიძის პროცესის დაწყებამდე სასამართლოში დაპირისპირება მოხდა. მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე და დედა ლია შამუგია ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც მხარეები სხდომათა დარბაზში შედიოდნენ.

ბრალდებულის დედასა და ომარ ქაფიაშვილის ახლობელს შორის მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ განიმუხტა, რაც მანდატურებმა ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრები სხდომათა დარბაზში შეიყვანეს.

ცნობისთვის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდებას 9 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, მათ შორის გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმა, მალხაზ ქაფიაშვილი და ბრალდებულ მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე.

სახელმწიფო ბრალდების მიერ უკვე დაიკითხა გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილისა და მაგდა პაპიძის მეზობლები და ახლობლები, ასევე ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური და ოთარ ბერძენიშვილი, რომელიც პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო.

გამოძიების ვერსიით, ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით მაგდა პაპიძემ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა. ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. სამართალდამცველებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს.

პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
წყარო: გურიანიუსი

Comments
Loading...