მაია რჩეულიშვილს 250 000 ლარის ქონება ჩამოერთმევა

კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელსა და დირექტორ მაია რჩეულიშვილს 250 000 ლარის უძრავი ქონება ჩამოერთმევა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

პროცესზე დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას აბსურდულს უწოდებდა და მოითხოვდა, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა არ დაეკმაყოფილებინა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ის ქონება ჩამოერთმევა, რომლითაც 250 000 ლარიანი გირაო იყო უზრუნველყოფილი.

ახალი ბრალი პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს რამდენიმე დღის წინ წაუყენა. მას ბრალი 236 177 ლარის მითვისებაში ედება. საქმე ეხება „ცენტრ-პოინტზე“ მიმდინარე პირველ საქმეს, რომელზეც ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია “დექსუსის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ივანე ცაგურია არიან.

აღნიშნულ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს გირაოს სახით 250 000 ლარის ჰქონდა შეფარდებული. პროკურატურამ კი, დააყენა შუამდგომლობა, რომ ის ქონება, რომლითაც გირაო იყო უზრუნველყოფილი, სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართოს, რადგან ბრალდებული შეფარდებული გირაოს პირობებშიც კი, მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებას განაგრძობდა, რის გამოც, მაია რჩეულიშვილს ახალი ბრალი წაუყენეს.

Comments
Loading...