მაკა ასათიანის ადვოკატი გოგა ხაინდრავას პასუხობს

„მაესტროს“ ერთ-ერთი მეწილის მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ყველას აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე. ამის შესახებ გვენეტაძემ რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ „მაესტროს“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, გოგა ხაინდრავა არალოგიკური დასკვნების გამო, საკუთარ თავთანაც კი წინააღმდეგობაში მოვიდა.

„გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ყველას აქვს შესაძლებლობა გამოთქვას თავისი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე. ეს უფლება ვრცელდება მიკერძოებული პოზიციის მქონე და არსებულ დავაში აშკარად ტენდენციური გოგა ხაინდრავას მიმართაც, რომელიც საკუთარ თავთანაც კი წინააღმდეგობაში მოვიდა იმ არალოგიკური დასკვნების გამო, რომელიც მაყურებელს შესთავაზა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, რეალურად ეს გადაცემა იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არსებული მენეჯმენტის პირობებში “მაესტროს” სარედაქციო პოლიტიკა არის სრულად დემოკრატიული და არცერთი მოსაზრება არ იბლოკება.

„ვფიქრობთ, რომ ყველა ობიექტური ადამიანისთვის, ვინც ნახა აღნიშნული გადაცემა, იმთავითვე ნათელი გახდა მაკა ასათიანის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გაჟღერებული ბრალდებების უსუსურობა, რადგან ყველაფერს აჩვენებს წლების განმავლობაში ნაკეთები საქმე და არა ცალკეული პირების პროვოკაციული ხასიათის შეფასებები“, – განაცხადა გვენეტაძემ.

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, „მაესტროში“ კოტე გოგელიას ფული იდება, ხოლო მის მეუღლეს მაკა ასათიანს არასოდეს ჰქონია ისეთი ბიზნესი, რომ ტელევიზია შეენახა.

„მე გეტყვით, რა წარმომავლობა აქვს ამ ფულს – კოტე გოგელია არის რუსი ბიზნესმენი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, ცხოვრობს რუსეთში. კოტე გოგელიას ფული არის ანგაჟირებული, პოლიტიკური რუსული ფული“, – განაცხადა ხაინდრავამ „მაესტროს“ ეთერში.

Comments
Loading...