მამა კახაბერი: შორენა თეთრუაშვილის საქმიანობაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.

როგორც სხდომიდან გამოსულმა საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელმა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა აღნიშნა, კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის საქმიანობაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ქალბატონი შორენას საქმიანობაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და თუ რაიმე პრობლემაა, ან არ არის პრობლემა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული უმაღლესი იარარქებისგან. ჩვენ აქ არაფერში არ ჩავერევით“, – განაცხადა მამა კახაბერმა.

მისივე თქმით, საპატრიარქოს უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსის იოსებ ოხანაშვილის საკითხი საჯარო პრობლემა არ არის და ამის შესახებ გადაწყვეტილებას თავად პატრიარქი მიიღებს.

“დაცვის სამსახურს რაც შეეხება, ეს გახლავთ შიდა სტრუქტურული სამსახური, რომელზეც გადაწყვეტილებას თვითონ პატრიარქი მიიღებს. ასე რომ, ეს პრობლემა საჯარო და საზოგადო პრობლემა არ არის. ჩათვალეთ, რომ სამსახურში შიგნით რაღაც მოხდა და ამ პრობლემას დაალაგებენ შიგნითვე. ვფიქრობ, რომ ეს განსახილველი თემაც არ არის“, – განაცხადა საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელმა.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

არსებული ინფორმაციით, სინოდის წევრებმა სხვა საკითხებთან ერთად, საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოხსნის, ასევე სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების და პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის საკითხები განიხილეს.

Comments
Loading...