მამა პეტრე: ეკლესიას გააჩნია იმის რესურსი, რომ მის გამგებლობაში მყოფი სასულიერო პირი, მშიერი არ კვდებოდეს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ ეკლესიას გააჩნია იმის რესურსი, მის გამგებლობაში მყოფი სასულიერო პირი, მშიერი არ კვდებოდეს.
„ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება… ხშირად გვავიწყდება, ჩვენ ვბჭობთ, ღმერთი განაგებს… ჩვენი საკეთებელი ღირსეულად ვაკეთოთ, ჩვენ გამოვსწორდეთ, სხვებიც გამოსწორდებიან…
ვინც ცილისწამების მსხვერპლია, უფალს ყვარებია… ღირსი მამა ეფრემ ასურის ცხოვრებიდან ვიცით, სრულიად უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში, მაგრამ სწორედ იქ ეზიარა სულის თავისუფლებას…
წავიდა ფასადური სიმშვიდის დრო… მოგვბეზრდა იმის მოსმენა, რომ ,,ყველაფერი კარგად არის”…
როცა ამდენ ბიზნეს წილებზე და კორუფციაზეა საუბარი, თვალწინ იმ სამღვდელოების ოჯახები მიდგას, დღე ისე გავა რომ ლუკმა-პურიც ენატრებათ… ესეც სიმართლეა, ყველაზე მწარე რეალობა… რატომ ამაზე არავინ საუბრობს?! ეკლესიას გააჩნია იმის რესურსი, რომ მის გამგებლობაში მყოფი სასულიერო პირი მშიერი არ კვდებოდეს.
გავითვალისწინოთ ისიც, რომ შემოსილებს საჯარო სამსახურში დასაქმება ეკრძალებათ… ვიღაცას მილიონი არ ყოფნის, ვიღაც კი პურის ფულს მათხოვრობს… ზოგი ჰარვარდში გარბის, პერიფერიაში მოღვაწე სასულიერო პირის შვილი კი სკოლაში ვერ დადის, ფეხზე არ აცვია და იმიტომ…
სინამდვილეში ეს არის პრობლემა… უსამართლობა და დისბალანსი… სხვა დანარჩენი ამის გაგრძელებაა… მოგვარება ძალიან ადვილია, სამწუხაროდ, კეთილი ნების ქონა აღმოჩნდა რთული“, – წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.