მამუკა არეშიძე – “შეიძლება პრეზიდენტს სამივე პრემიერთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეს?!”

“კვირიკაშვილი სწორად მოიქცა, როდესაც არ დაიწყო მტკიცება, რომ დამოუკიდებელი ფიგურაა. ასეთ შემთხვევაში ეჭვისთვის მეტი საფუძველი გაჩნდებოდა, რადგან ცხადზე ცხადია, რომ ივანიშვილი დღემდე ახდენს გავლენას ამ პოლიტიკურ ძალაზეც და მის ლიდერებზეც, თუმცა, ჩემი აზრით, კვირიკაშვილი ბევრად უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ის მადლიერია ივანიშვილის, რომელმაც ის პოლიტიკურ ფიგურად აქცია, მაგრამ არა მგონია, საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებისას ექსპრემიერზე იყოს დამოკიდებული. კვირიკაშვილისგან მეტ გაბედულებას ველი. გულწრფელად რომ ვთქვათ, აქამდე მას ამისთვის დრო არც ჰქონია, ამიტომაც ყველაფერი წინ არის. ვნახოთ, როგორ გამოიყენებს საკუთარ ბონუსებს, რამდენად აქტიურად ჩაერთვება “ქართული ოცნების” სიის დაკომპლექტებაში და მოახერხებს თუ არა ქმედითი და ძლიერი პოლიტიკური გუნდის შემოკრებას”, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შეიძლება პრეზიდენტს სამივე პრემიერთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეს?!” / “პოლიტიკოსთა რეიტინგში ლიდერებს შორის ისეთი ხალხი გამოჩნდა, მათი დასახელება სასაცილო უფროა, ვიდრე გაუგებარი…” / “პრეზიდენტმაც უნდა ეძებოს საკუთარ თავში ნაკლი და დაინახოს, რომ მისი სიჯიუტე დაძაბულ ვითარებას ქმნის, რაც, უპირველესად, ქვეყანას აზარალებს”.

“გაუგებრობები პრემიერებს და პრეზიდენტს შორის უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მომაბეზრებელია ეს იწილო-ბიწილო. მგონი, დროა, გიორგი მარგველაშვილი ბევრ რამეზე დაფიქრდეს. შეიძლება პრეზიდენტს სამივე პრემიერთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეს?! ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, ვინ არის დამნაშავე, რთულია, მაგრამ ცხადად ვხედავთ, რომ ერთ მხარეს მარგველაშვილია, მეორე მხარეს კი – სამი სხვადასხვა ადამიანი. პრეზიდენტმაც უნდა ეძებოს საკუთარ თავში ნაკლი და დაინახოს, რომ მისი სიჯიუტე დაძაბულ ვითარებას ქმნის, რაც, უპირველესად, ქვეყანას აზარალებს. საზოგადოებას მოჰბეზრდა ეს ყველაფერი. ნაწილი უკვე აგრესიულადაც არის განწყობილი მარგველაშვილის მიმართ, სწორედ იმიტომ, რომ მან ვერც ერთ პრემიერთან ვერ მოახერხა ურთიერთობის დალაგება. თუ დაუშვი შეცდომა, ხომ შეიძლება აღიარო, აღარ გაჯიუტდე და უკან დაიხიო, მით უფრო, რომ ასე ადრე დაწყებულმა წინასაარჩევნო კამპანიამ შეიძლება ქვეყნა მართლაც დააზარალოს. საქმე მხოლოდ ზედმეტად დახარჯული ფინანსები არ არის რატომ უნდა იცხოვროს ქვეყანამ ამდენი თვე წინასაარჩევნო დაძაბული რეჟიმით?! ბოლოს და ბოლოს, ნაპოლეონი აღიარებდა შეცდომას! ეს მარტო მარგველაშვილს არ ეხება. არ შეიძლება მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმს ქმნიდე, მერე კი ისეთ პოზას იღებდე, თითქოს ყველაფერში მართალი ხარ”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“კონკრეტული ადამიანის დასახელება შემიძლია, ვისთან მოხდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმზე შეთანხმება – ეს არის ვლადიმირ პუტინის თანაშემწე დე ფაქტო აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში ვლადისლავ სურკოვი. თუმცა, რუსეთი არ აპირებს, რეფერენდუმის შედეგი დაუყოვნებლივ რეალობად აქციოს და ე.წ. სამხრეთ ოსეთი შეიერთოს. მას უნდა, ჰქონდეს რეფერენდუმის შედეგები და როდესაც დასჭირდება, მაშინ გამოიყენოს. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება გახდეს: საქართველოს ხელისუფლების ხისტი და აგრესიული მოქმედება, ჰააგაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესის მისთვის არასასურველი მიმართულება და ა.შ. ამიტომაც გვმართებს დიდი სიფრთხილე”, დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას – “ენდიაის კვლევით ელექტორატის დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს…” – პასუხობს:

“არ ვიცი, ეს ციფრები საიდან მოიტანეს. როგორც ვიცი, პოლიტტექნოლოგიური ხრიკია, ამგვარი კვლევა ჩაატარო დიდწილად სწორად, ისე, რომ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ეჭვს არ იწვევდეს, მაგრამ გამოურიო ერთი-ორი საკითხი, რომელიც აშკარად ტყუილი იქნება. ზუსტად ვერ ვიტყვი, რომ ენდიაი ასე მოიქცა, მაგრამ ამის ნიშნები ჩანს. პოლიტიკოსთა რეიტინგში ლიდერებს შორის ისეთი ხალხი გამოჩნდა, მათი დასახელება სასაცილო უფროა, ვიდრე – გაუგებარი… რაც შეეხება ნიჰილიზმს, ეს აშკარად იგრძნობა, თუმცა, რამდენიმე თვის წინ უიმედობა უფრო აშკარად იგრძნობოდა. ახლა ადამიანები მეტს ლაპარაობენ იმაზე, ვის შეიძლება მისცენ ხმა. მართალია, ბევრს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ბევრი რამ გაირკვევა”.

“რაც შეეხება პარტია “ქართული ოცნების” გადახალისებას – კარგი იქნება, პარტიამ ჩაატაროს შიდა კვლევა იმისა, საპარლამენტო დეპუტაციიდან ვის ენდობა საზოგადოება. ასე გაარკვევდნენ, ვინ უნდა დარჩეს ახალ სიაში და ვინ – არა. გარდა ამისა, ვურჩევ “ქართულ ოცნებას”, ის ხალხი გაიხსენოს, ვინც მის სათავეებთან იდგა. მათ შორის არიან დამფუძნებლებიც. ეს ადამიანები ოთხი წელი არავის გახსენებია და გარიყულად გრძნობენ თავს. საჭიროა კომპეტენტური ადამიანების მოძებნა. ახსენეს რამდენიმე გვარ-სახელიც. ზოგი მომწონს, ზოგი არა. მაგალითად, ვერ მოვიწონებ სიაში იმ ადამიანის ყოფნას, ვინც გარდაბნის არჩევნებში წაგება, რომელიც გააყალბა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ლამის ჩვენ დაგვაბრალა. თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და სიის პირველი მონახაზი აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება. ამბობენ, რომ სპორტსმენები და მსახიობები არ უნდა იყვნენ სიაში. ჩემი აზრით, სიაში შეიძლება ყველა პროფესიის ადამიანი მოხვდეს, მთავარია, მან საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა შეძლოს. იგივე მინდა ვთქვა მაჟორიტარობის კანდიდატებზეც. აქაც გადამწყვეტი უნდა იყო ის, თუ რამდენად შეუძლია მას რაიონის პრობლემების გადაწყვეტა და საპარლამენტო მუშაობა”, – მიიჩნევს ექსპერტი.

“თუ ღარიბაშვილის კონსერვატორების სიის პირველი ნომერი გახდა. ეს ზვიად ძიძიგურის ეფექტიანი სვლა იქნება, თუმცა, არ ვიცი, ღარიბაშვილს რა დივიდენდებს მოუტანს. ირაკლი ღარიბაშვილი უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში. მან, ძალიან ახალგაზრდამ, პრემიერობა იტვირთა და ვერ ვიტყვით, რომ თანამდებობიდან მარცხით წავიდა. ვფიქრობ, საინტერესო არჩევნები გველის წინ. თუ მოხერხდა და ყველაფერი დემოკრატიულად და გაყალბების გარეშე ჩატარდა, ბევრ ძალას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი”, – დაასკვნის არეშიძე.წყარო

Comments
Loading...