უმრავლესობის დეპუტატი მანანა კობახიძე აღიარებს, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების ადვოკატი იყო, „კვირის პალიიტრასთან“ აცხადებს, რომ გამოძიება არასამართლიანად ჩატარდა და პროკურატურას საქმის გადახედვისკენ მოუწოდებდა. როგორც მანანა კობახიძე ამბობს, მან ასევე არაერთი რეკომენდაცია გააგზავნა შეწყალების კომისიაშიც, რადგან ამას როგორც დეპუტატისგან დაკავებულების ოჯახის წევრები ითხოვდნენ.
„ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი 2011 წელს სააპელაციო სასამართლოსა და შემდეგ უზენაეს სასამართლოში ვიყავი. საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე გახლდათ. დიახ, ამ ადამიანების შეწყალებას ნამდვილად ვითხოვდი, რადგან დღესაც ვფიქრობ, რომ პატიმრობაში სერიოზული საპროცესო დარღვევებით იმყოფებიან. ჩვენებები მოწმეებზე ზეწოლით მოიპოვეს და ზოგადად, ბევრი სამართლებრივი კითხვაა პასუხგაუცემელი. ათეულობით საჩივარი მაქვს დაწერილი და როგორც მაშინ მჯეროდა, რომ საქმის გამოძიება დარღვევებით ჩატარდა, დღესაც ვფიქრობ, რომ ამ საქმის ხელახალი განხილვა უნდა დაიწყოს. ანალოგიური მოთხოვნით მთავარი პროკურორისთვისაც არაერთხელ ოფიციალურად მიმიმართავს, რადგან პატიმრების ნათესავები ამას ჩემგან, როგორც დეპუტატისგან, ითხოვდნენ. შეწყალების კომისიაშიც ვგზავნიდი რეკომენდაციას, რადგან ვფიქრობ, ამ ადამიანებმა სამართლებრივი მისაგებელი ვერ მიიღეს. ერთადერთი გზა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეწყალება იყო“, – აცხადებს მანანა კობახიძე.
მისივე ქმით, საქმეზე დაკავებულის, ანასტასია ზაუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მას სამი შვილი ჰყავს, რაც შეწყალების კომისიისათვის მიმართვის საფუძველს ქმნიდა. მანანა კობახიძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადების გაგზავნის შემდეგ, შესაძლოა მას სთხოვა, რომ საქმე თაროზე არ შემოდებულიყო, თუმცა როგორც დეპუტატი ამბობს, ამას არ შეიძლება დაჟინებული მოთხოვნა ეწოდოს. მანანა კობახიძე უარყოფს, რომ პატიმრის ოჯახისგან მას 200 000 დოლარი ჰქონდა აღებული.
„ანასტასია ზაუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესებულია, თანაც მას სამი შვილი ჰყავს, რაც ქმნიდა საფუძველს, რომ შეწყალების კომისიისთვის მიემართათ.
შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ, მოვიკითხე, რა ეტაპზე იყო საქმის განხილვა და ისიც შესაძლოა, ელისაშვილს ვთხოვე, საქმე თაროზე არ შემოედოთ. გაასაჯაროოს ელისაშვილმა სატელეფონო ზარების შინაარსი. დიახ, მე დავრეკავ ყველასთან საჩივრის ბედის შესახებ, ვისთანაც ოფიციალური მოთხოვნა მაქვს გაგზავნილი. ეს ეხება სამინისტროებსაც და პროკურატურასაც. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმესთან დაჟინებული მოთხოვნა მქონდა. უსინდისობაა, თუ ალეკო ელისაშვილი ამას ასე აღიქვამს. ახლა მე ვითხოვ იმის მტკიცებულებას, რომ ამ საქმეში 200 ათასი მაქვს აღებული.
როგორც ჩანს, მისთვის წარმოუდგენელია დეპუტატი კანონიდან გამომდინარე მოქმედებდეს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვდეს. მათ უნდათ, ტალახი ესროლონ ადამიანებს.
ჰკითხონ დაკავებულების ოჯახის წევრებს, ვის გადაუხადეს თანხა, ეს მანანა კობახიძე ნამდვილად არ ყოფილა. თუ ვიღაცას უნდა, რომ არ დავიცვა პატიმრების უფლებები, მაშინ მანდატი უნდა დავტოვო. ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები, პროკურატურისგანაც მოვითხოვ, რომ აუცილებლად დამკითხონ“, – აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ მანანა კობახიძე.
შეგახსენებთ, შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მასზე დეპუტატების მხრიდან წეზოლა ხორციელდებოდა. როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, მისგან კონკრეტული პირების შეწყალების სიაში ჩასმას ითხოვდნენ და ამაში დეპუტატებს წინასწარ 200 000 დოლარი ჰქონდათ აღებული, ჯამში კი 1 500 000 დოლარამდე აღებას გეგმავდნენ.
„კვირის პალიტრა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პატიმარი, რომლის გათავისუფლების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას იხდიდნენ, ანასტასია ზუატაშვილია. წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე მის პოლიტპატიმართა სიაში ჩასმას ითხოვდნენ, რასაც მაშინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეეწინააღმდეგა, ამის შემდეგ კი გამოცემის თანახმად, დეპუტატები ზაუტაშვილის შეწყალების სიაში ჩასმას ცდილობდნენ, რაზეც უარი მიიღეს.
გამოცემასთან ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებთან გამომძიებლები იყვნენ ციხეში და ელისაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დაკითხეს.
წყარო
cp.ge