მარგველაშვილი ე.წ. ფარულ მოსმენებზე: დამოუკიდებელი სტრუქტურის ჩამოყალიბების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მასზე კონტროლის მაღალი ხარისხი განხორციელდეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ახალ ინიციატივას – ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნას აფასებს.

როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა, ე.წ. მოსმენების „გასაღების“ ახლადშექმნილი სტრუქტურის ხელში გადასვლას, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ კონტროლის მაღალი ხარისხი უნდა მოჰყვეს.

„ფარულ მოსმენებზე თავის დროზე, ვეტოს უფლება გამოვიყენე, მაგრამ დაიძლია და ძალიან მალე, გარკვეულმა ჯგუფებმა საზოგადოებას ფარული ჩანაწერებით ტერორი მოუწყვეს. ამ ახალი კანონის ირგვლივ ჩვენი თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ძალიან მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევაში, თუ ეს სტრუქტურა ჩამოყალიბდება, მასზე კონტროლის მაღალი ხარისხი განხორციელდეს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტრუქტურის დამოუკიდებლობა, არამედ ეს სტრუქტურა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ რამდენად მკაცრად გაკონტროლდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება, რომელიც ანგარიშვალდებული პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე იქნება.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია ცალკე გამოიყოფა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გადაეცემა, რომელსაც საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება.

Comments
Loading...