საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებლის, ევროპარლამენტარ მარია გაბრიელის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა ძლიერ სიგნალს აგზავნის, რომ ევროპარლამენტი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
მარია გაბრიელი აღნიშნულის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მტკიცე უმრავლესობით კენჭისყრა ძლიერ სიგნალს აგზავნის, რომ ევროპარლამენტი ქვეყნის მხარდაჭერას განაგრძობს“, – აცხადებს მარია გაბრიელი.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.
კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაცის მხარი დაუჭირა, ორი კი – საკითხის წინააღმდეგ წავიდა. ერთმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას, LIBE-ს კომიტეტის ინფორმაციით, იგი თებერვალში გაიმართება.