მარკ ცუკერბერგი ლტოლვილთა მიმართ დონალდ ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებს

Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი ლტოლვილთა მიმართ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებს,-ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

კერძოდ, ცუკერბერგი იხსენებს, რომ მისი დიდი ბებია ამერიკაში, გერმანიიდან, ავსტრიიდან და პოლონეთიდან ჩავიდა, ხოლო მისი მეუღლის მშობლები ჩინეთიდან და ვიეტნამიდან დევნილები იყვნენ.

„ამერიკის შეერთებული შტატები ემიგრანტების ერია, და ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით. როგორც ბევრი თქვენგანი, მეც შეშფოთებული ვარ პრეზიდენტ ტრამპის ბოლოდროინდელი ხელმოწერილი განკარგულებებით.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ამ ქვეყნის უსაფრთხოება, მაგრამ ასევე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან. ასევე ლტოლვილთა მიმართ ღია კარის პოლიტიკა უნდა შევინარჩუნოთ და დავეხმაროთ მათ, ვისაც სჭირდება. თუ რამდენიმე ათეული წლის წინ დევნილებს გავაძევებდით, პრისცილას ოჯახი (ცუკერბერგის მეუღლე) დღეს აქ არ იქნებოდა “, -წერს ცუკერბერგი.

როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში 120 დღის განმავლობაში სირიელი ლტოლვილების მიღება აკრძალა.

დონალდ ტრამპის განმარტებით, შეერთებული შტატები 2017 წელს არაუმეტეს 50 ათას მიგრანტს მიიღებს.

პრიორიტეტი “რელიგიურ უმცირესობებს” მიენიჭებათ. განკარგულების მიხედვით, შეერთებული შტატები გასულ წელს მიგრანტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესრულებას არ გეგმავს.

დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ ინტერვიუ ვიზის მისაღებად აუცილებელი წინაპირობა გახდება. დონალდ ტრამპმა ასევე მოითხოვა, რომ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაკონტროლების მიზნით ბიომეტრიული სისტემა დაჩქარდეს.

მანამდე, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანაში ემიგრანტების შესვლის წესს ამკაცრებს.

 

ipress.ge

Comments
Loading...