მე და სტერეოტიპები (როგორ ვებრძვი ცხოვრებას)
ჩემი ბლოგი წარმოუდგენელია ამ პოსტის გარეშე, ვინაიდან მეთვითონ მაქვს ფიზიკური შეზღუდვის დროებითი პრობლემა. მინდა ერთგვარად გაგიზიაროთ ჩემი ხედვა ამ თემასთან დაკავშირებით, ცოტა შორიდან დავიწყებ… ქალი სუსტი არსებააო, დაუცველიაო ასეა სტრეოტიპულად, თუმცა ვფიქრობ რომ ქალები უფრო ამტანები და ძლიერები ვართ როცა საქმე პრობლემას ეხება, ამით არავის უპირატესობას არ გამოვკვეთ, უბრალოდ მე ასე ვხედავ. 22 წელია ვცდილობ იმასთან ბრძოლას რაც ჩემი რეალობის ნაწილია, ვცდილობ დავამტკიცო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ის ჩვეულებრივ ცხოვრებაში ხელს არ გვიშლის, თუ მოვინდომებთ ყველაფერს შევძლებთ. პრობლემასთან შეგუება ჩემი სტილი არ არის, ამის მიუხედავად ვაღიარებ, რომ საქართველოში ამ კუთხით დიდი პრობლემაა. ხალხის ხედვაა არასწორი, ფიქრობენ რომ თუ რაღაც პრობლემა გაქვს სხვანაირი ხარ და მათ წრეს არ მიეკუთნები, ეგრედწოდებულ “ჩვეულებრივი საზოგადოების” ნაწილად აღარ გთვლიან,სხვანაირად გიყურებენ, ეცოდები, ჭორაობენ, დაგცინიან… ყველა ასე არაა, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი ნაწილის პრობლემაა. ყველა ადამიანშია ნიჭი და სხვადასხვა შესაძლებლობები, რომლებითაც გამოვირჩევით, უბრალოდ ერთმანეთს შესაძლებლობების რეალიზების შანსი უნდა მივცეთ… უნარშეზღუდულ ადამიანებს საზოგადოების მხრიდან დიდი წნეხის ატანა უწევთ, მე ეს ყველაზე დიდ პრობლემად მიმაჩნია, რადგან ამ დროს ადვილად მართვადი ფსიქიკის მქონე ადამიანები კომპლექსდებიან, ითრგუნებიან და ცხოვრებასთან ბრძოლას წყვეტენ… ეს დაუშვებელია, უნდა იბრძოლო ბოლომდე და დაამტკიცო შენი უპირატესობა! არასდროს დავნებებულვარ და არც დავნებდები, ბოლომდე ვიბრძოლებ! მიმაჩნია, რომ მთავარი მიზანია და რწმენა, შეიძლება ბევრჯერ წავქცეულვარ კიდეც, გულიც მტკენია, მაგრამ რაც უფრო ბევრჯერ და მწარედ ვარდები მით უფრო ტკბილია ადგომა, გზის გაგრძელება… ჩემს უკან არიან ადამიანები რომლებიც მაძლიერებენ და გვერდში მიდგანან, მე არ მაქვს დანებების უფლება, მე ვარ ქალი ოცნებებით, მიზნებით, მზად ვარ გადავლახო ყველა სირთულე და დავამტკიცო რომ ვარ ძლიერი და მიზანდასახული ადამიანი, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს! ცხოვრებაში არც ერთი პრობლემის არ შემშინებია, არასდროს არ დამიხევია უკან არც ერთი ნაბიჯით და ახლაც არ ვაპირებ, მჯერა, რომ ერთ დღეს მოგვარდება ეს ყველაფერი და დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებად დარჩება ჩემს ცხოვრებაში!!! <3