„მედიის ადვოკატირებისთვის”: „რეალური სივრცე” იხურება, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა იგეგმება
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე გადაცემის დახურვა იგეგმება, რომელთა შორის გადაცემა „რეალური სივრცეა“.
ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ასევე, თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა იგეგმება.
„კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა.
„რეალური სივრცე“ თავისი არსით, ჭეშმარიტად საზოგადოებრივი პლატფორმაა, ქართულ მედია სივრცეში ერთ-ერთი წარმატებული თოქ-შოუ, რომელიც აქტუალურ და მწვავე თემებსსიღრმისეულად, სხვადასხვა კუთხით განიხილავს. ამისათვის პროექტს არაერთი პროფესიული ჯილდო და აღიარება ერგო”, – ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთი გადაცემა არ უნდა დაიხუროს, ვიდრე გადაწყვეტილების მიმღები პირები არ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას არ დაასაბუთებენ და კონკრეტულ სამაუწყებლო ბადეს არ წარადგენენ.
„2017 წელს ქვეყანაში ტარდება თვითმმართველობის არჩევნები, მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მნიშვნელოვან პროცესებს ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში უნდა აშუქებდეს.
კოალიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება პროცესების ამგვარ განვითარებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოუწოდებს, გენერალურ დირექტორთან დაგეგმილი შეხვედრა საჯარო გახადოს. სხდომის ვიდეო მაუწყებლის ვებგვერდზე განათავსოს , რომ დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდეს გენერალური დირექტორის გეგმებს გაეცნოს”, – აღნიშნულია კოალიციის გადაცემაში.