სახელმწიფო სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლს განახორციელებს. საკანონმდებლო მაცნეში სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა. პროგრამის განსახორციელებლად 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო.
პროგრამის განმახორციელებელია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, მაკონტროლებელი ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებისგან შეისყიდის სამკურნალო საშუალების ნიმუშს და დაადგენს შეფუთვა-მარკირების, ვარგისიანობის, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების, დისტრიბუციის უფლებებისა და სხვა, კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მდგომარეობას. სადაც შესყიდვა ვერ განხორციელდება, სააგენტო აწარმოებს სინჯის აღებას.
ფალსიფიკაციისა და გაუვარგისების მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს შესყიდული ნიმუშის/აღებული სინჯის, ასევე საჭიროების შემთხვევაში სარეგისტრაციო ნიმუშის შემდგომ ლაბორატორიულ კვლევას.
სამკურნალო საშუალებების ლაბორატორიული კონტროლი, ადგილობრივი ლაბორატორიის პარალელურად, შესაძლებელია ჩატარდეს საზღვარგარეთ, ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და სამკურნალო საშუალებების ხარისხის ევროპის დირექტორატის (EDQM) ოფიციალური სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის (OMCL) ან/და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ.
პროგრამის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი 100 000 ლარიდან, 10 000 ლარი სამკურნალო საშუალებების ნიმუშების შესყიდვისთვის არის გათვალისწინებული, 10 000 ლარი გამოყოფილია მივლინების ხარჯებისთვის, 80 000 ლარი კი, სამკურნალო საშუალებების ხარისხის ლაბორატორიული კვლევისთვის.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგრამა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული ბაზრის დაცვას გაუვარგისებული, უხარისხო და ფალსიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტისაგან.
ipress.ge