მერაბ ღოღობერიძე ბათუმში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას არ იღებს
სამოქალაქო აქტივისტ მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, ის გუშინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას არ იღებს და ხელისუფლების არასათანადო რეაგირებაზე საუბრობს.
როგორც ღოღობერიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის წინააღმდეგ არსებულ ფაქტებზე რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვდა, მაგრამ შშს-დან პასუხი არ მიუღია.
„ის აგრესია რაც ხდებოდა, ის წამოძახილები რაც ხდებოდა, ჩვენ ამას ვდებდით და ვაშუქებდით, რომელიც ვფიქრობ, რომ დღესაც შესაბამისად დამატებითი კადრები რომ გვქონდეს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავდებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიტყვით, რომ არ შეიძლება პოლიცია ასე აგრესიულად ექცეოდეს აჭარაში მოქალაქეებს და ამაზე არ რეაგირებდეს ხელისუფლება,“ – განაცხადა მერაბ ღოღობერიძე.
მისი თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს 50-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 200 და 400-ლარიან ქვითრებს უწერდნენ და სწორედ ამან გამოიწვია მოქალაქეებში პროტესტის გრძნობა.
„ის, რომ მოქალაქეს პარკირების წესის დარღვევის გამო „დგომა აკრძალულია“ იწერება 50 ლარიანი ჯარიმა და ამის ნაცვლად 200 და 400 ლარიან ჯარიმებს წერენ და სხვა მუხლს უთითებენ ეს იყო აგრესია. შეგიძლიათ ამოიღოთ შსს-ს საჯარიმო ქვითრები და ნახავთ, რომ აჭარამ შეუვსო ბიუჯეტი რამდენიმე მილიონით ბატონი ბუხრაიძის მეშვეობით და ამის შემდეგ შელაპარაკებაში გადაჰყავდათ ეს ყველაფერი და არაერთი პირი დააკავეს,“ – განაცხადა მერაბ ღოღობერიძე.
აჭარაში საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 9 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც აქტივისტმა მერაბ ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა მას ამის დამადასტურებელი ჩანაწერი ან სხვა სახის მტკიცებულება არ აქვს.