მეუფე დიმიტრი პატრიარქობაზე: ჩემი თავი გამორიცხულია, ამას პირველად ვამბობ სახალხოდ

ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი აცხადებს, რომ საკუთარ თავს მომავალ პატრიარქად ვერ მოიაზრებს.

ამის შესახებ, მეუფე დიმიტრიმ „ნეტგაზეთთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მაშინ, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი ცოცხალია, მის შემცვლელზე საუბარი უზნეობაა.

„მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ამ თემაზე საუბარი არის უზნეობა, როცა ცოცხალია პატრიარქი, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან. მე მოვიაზრებ პატრიარქად მთელ სინოდს, სინოდის ყველა წევრს, ჩემს გარდა. ვთვლი, რომ მე ამ უმძიმესი ტვირთის ტარებისთვის მზად არ ვარ, ასე ვთქვათ, ეს შეუძლებელია ჩემთვის…

თუნდაც ჩემი ნათესაური კავშირის გამო პატრიარქთან, ვთვლი, რომ პატრიარქი არის ეპოქალური პიროვნება, მან შექმნა ეპოქა, ერთი გვარის ადამიანებიდან პატრიარქი საკმარისია ეკლესიისათვის. სხვებსაც იგივეს ვეუბნები და დღესაც იმავეს გავიმეორებ, პატრიარქის სიცოცხლეში, როცა ცოცხალი და ჯანმრთელია ადამიანი, ზნეობას მოკლებულია ამაზე ფიქრიც კი, არამცთუ საუბარი. ჩემი თავი გამორიცხულია, მე ამას პირველად ვამბობ სახალხოდ“, – განაცხადა მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა.

ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორის ძმისშვილია.

Comments
Loading...