მეუფე დიმიტრი: პატრიარქს შევხვდები და თუ მივიღებ კურთხევას, გამოძიების დასრულებამდე შევხვდები მამა გიორგი მამალაძეს
აჭარის ეპარქიაში მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების მისვლის შემდეგ, მეუფე დიმიტრიმ პრესკონფერენცია გამართა.
ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტის განცხადებით, ის მზად არის დაკავებულს პატრიარქის კურთხევის შემთხვევაში შეხვდეს.
„პატრიარქმა გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ გვითხრა, რომ პროკურატურამ მოგვმართა თხოვნით მღვდელმთავრებს, თავი შეგვეკავებინა დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებისგან“, – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა.
ჟურნალისტები დიმიტრი შიოლაშვილისგან დაინტერესდნენ, რატომ არ მოინახულეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ბრალდებული დეკანოზი.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის განმარტებით, მონახულებისგან თავის შეკავების თხოვნა პროკურატურიდან იყო, თუმცა, მიტროპოლიტი ვერ ასახელებს მიზეზს, თუ რას უკავშირდება შეზღუდვა.
„ჩვენ პატრიარქმა გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ გვითხრა, რომ პროკურატურამ მოგვმართა თხოვნით მღვდელმთავრებს, თუ ვთქვათ ზიარება ან საღვთისმსახურო მოთხოვნა არ არის, თავი შეგვეკავებინა, რადგან რაღაც გარკვეულ გაუგებრობას ქმნისო. თუმცა, რასთან არის ეს დაკავშირებული, მე არ ვიცი“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც ოჯახის წევრებით თხოვნით გუშინ გაიმართა. მიტროპოლიტის თქმით, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათზე ამ დროის მდგომარეობით არანაირი მუქარა ან ზეწოლა არ ხორციელდება.
„მე გუშინ მამა გიორგის ოჯახის წევრებს შევხვდი მათივე მოთხოვნით. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ თავს დატეხილ პრობლემაზე და მათ დავუსვი კითხვა, რადგან ორაზროვანი განცხადება ჰქონდა მამალაძის ადვოკატს და მე ვუთხარი, რომ თუ არის საშიშროება, სატელეფონო ზარი მუქარის ან შეტყობინება. ამის მსგავსი არაფერი არისო, მათ მითხრეს“, – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა.