მეუფე იაკობი: პატრიარქის გარდა დავალებას ვერავინ მომცემს, შორენა თეთრუაშვილს ჩვენზე რა გავლენა უნდა ჰქონდეს?!
პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტ, მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს.
მისი შეფასებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომლის ეთერშიც მეუფე პეტრემ განცხადებები გააკეთა, არასერიოზულად იქცევა და უმჯობესია, ეკლესიას თავი დაანებონ და გვარამიას საქმეზე იფიქრონ.
„რუსთავი 2“ არასერიოზულად იქცევა. მაგათ, ჯობს გვარამიაზე იფიქრონ. ეკლესიას თავი დაანებონ. ეკლესია საკუთარ თავს მიხედავს“, – განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.
მეუფე იაკობი პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გავლენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც საუბრობს და ვარაუდობს, რომ თეთრუაშვილს „გავლენა ალბათ მეუფე პეტრეზე აქვს“.
მისი თქმით, შორენა თეთრუაშვილი საქმეს მხოლოდ თავის კომპეტენციის ფარგლებში აკეთებს, ხოლო მეუფე იაკობი დავალებას პატრიარქისგან იღებს.
„შორენა თეთრუაშვილს შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს დიდი გავლენა და ამ გავლენისგან უნდა გათავისუფლება. შორენა თეთრუაშვილს ჩვენზე რა გავლენა უნდა ჰქონდეს?! ის თავის საქმეს აკეთებს, ჩემს საქმეში პატრიარქის გარდა, დავალებას ვერავინ მომცემს. სინოდში, პატრიარქის გარდა არ არსებობს არც ერთი მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი თუ მთავარეპისკოპოსი, რომელიც მე დავალებას მომცემს“, – განაცხადა მეუფემ.
რაც შეეხება ე.წ. ოქროს თევზების შესახებ მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, მეუფე იაკობის თქმით, არასერიოზულია და „ამისთვის მეუფე პეტრეს უნდა შერცხვეს“.
„ოქროს თევზების“ შესახებ მეუფე პეტრესგან გუშინ პირველად გავიგე. სამი სურვილის ასრულება რომ მინდოდეს, ღმერთს არ ვთხოვდი? არასერიოზულია ამაზე საუბარი. მეუფეს უნდა შერცხვეს. როცა შემხვდება, როგორ უნდა შემხვდეს არ ვიცი“, – განაცხადა მეუფემ.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, რომლებიც მისი დავალებების კარგად შემსრულებელია, „ოქროს თევზს“ ეძახის.