მეუფე იაკობი სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობაზე: თუ ვინმე რაღაცას აკეთებდა, მარტო ვერ გააკეთებდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ვარაუდობს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერი პირის მკვლელობის მცდელობის საქმეში დამნაშავე მარტო არ მოქმედებდა.

მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ბერლინიდან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმის დეტალებს არ იცნობს.

„დაკავებულ ადამიანზე რა უნდა ვილაპარაკო. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, არ მინდა რამე ვთქვა. არ ვიცი, პროკურატურის განცხადებას არ გავცნობივარ. თუ ვინმე რაღაცას აკეთებდა, ის მარტო ვერ გააკეთებდა. ვერავის დავდებ ბრალს. თუ ვინმე გარეთ დარჩა და ხელი არ მოკიდეს, ვნახავთ მერე, განახებთ“, – განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. აღნიშნულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლი ითვალისწინებს.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. გუშინ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

Comments
Loading...