მეუფე პეტრე: მამა გიორგი მამალაძეს ეკლესიის წინაშე ბევრი სიკეთე და დამსახურება აქვს
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, მამა გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა.
მეუფე პეტრეს განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძეს კარგად იცნობს და მას ეკლესიის წინაშე ბევრი სიკეთე და დამსახურება აქვს.
„პატრიარქი კარგად იცნობს მამა გიორგის. მას დედა ეკლესიის წინაშე ბევრი სიკეთე და დამსახურება აქვს. სულიერი შეფასებით, შეიძლება ორი შემთხვევა განვიხილოთ. ერთი – აუცილებლად აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი მამაო, რომელიც ცხონდა და პირველი შევიდა სასუფეველში, ან მეორე, ეს დაშვებული განსაცდელია და მასზე ცილისწამება სულის საცხონებლად ეყოფა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბერლინის კლინიკიდან, გუშინ, დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ის მამა გიორგის დიდი ხანია იცნობს და მისგან კარგის მეტი არაფერი მოუსმენია და უნახავს.
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.