მიექანება თუ არა ევროპა რუსეთისკენ? – პოლონეთის არჩევნები და გერმანიის პრობლემა

„კაჩინსკი პოლონეთს „პუტინიზმს“ მოუტანს“, – ასე ეხმაურება პოლონური გამოცემა Gazeta Wyborcza პოლონეთში 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს, სადაც პირველ ადგილზე იაროსლავ კაჩინსკის პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ 37,7 %-ით გავიდა.

გამოცემა მიიჩნევს, რომ პოლონეთს მეტად რთული ოთხი წელი ელოდება – გამარჯვებული პარტია აშკარად ავლენს ევროკავშირთან მიმართებაში სკეპტიციზმს, გერმანოფობიას და ქსენოფობიას.

„ეს არის ავტორიტარული, ძლიერი ხელის პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებისკენ მიიწევს. ჩვენ მძიმე ოთხი წელი გველოდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იქნება ხელისუფლება, რომელიც არაფრით არ ჰგავს წინამორბედებს. იქნება პროვოკაციები და მოსმენები. როდესაც ვფიქრობ სახელმწიფო მოდელზე, შიში მიპყრობს- ეს იქნება „პუტინიზმი“ პოლონურ ეროვნულ ფერებში“, – წერს გამოცემის რედაქტორი, ცნობილი პოლონელი დისიდენტი ადამ მიხნიკი. მიხნიკის აზრით, ეს იქნება კატასტროფა პოლონეთისთვის, რადგან კაჩინსკი რუსეთისკენ შეაბრუნებს ქვეყანას, თუმცა აღნიშნავს, რომ არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდა.

ექსპერტები და მედიაგამოცემები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ აღმოსავლეთ ევროპა ნელ-ნელა და თანმიმდევრულად ექცევა რუსეთის ზეგავლენის ქვეშ, ეს კი ცენტრალურ ევროპას კარგს არაფერს უქადის.

ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანი მთლიანად ამართლებს რუსეთის პოზიციას სირიაში და მიგრანრტებთან დაკავშირებით დღეს ევროპაში შექმნილ სიტუაციაში, ბრალს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დებს.

Comments
Loading...