მიხეილ ჯანელიძე სენატორებს მაკკეინსა და ჯონსონს შეხვდა

ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა სენატორ ჯონ მაკკეინთან და სენატორ რონ ჯონსონთან,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა მიმდინარე წლის დასაწყისშის სენატორ მაკკეინის და სენატორთა დელეგაციის საქართველოში ვიზიტის გამო. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორმხრივი ურთიერთობი სხვადასხვა მიმართულებებზე აშშ-ს ადმინისტრაციასთან და პოლიტიკურ წრეებთან ბოლო პერიოდში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა.

სენატორი მაკკეინი მიესალმა საქართველოს პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გამართვის მნიშვნელობა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს განვითარების და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. ამერიკელი სენატორები მიესალმნენ საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას, რომელშიც ასევე კონგრესმენთა დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

სენატორი მაკკეინი ასევე მიესალმა საქართველოს წარმატებას ევროპულ გზაზე, მათ შორის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რამაც ევროკავშირი ქვეყნის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახადა. სენატორები დაინტერესდნენ მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს განვითარებით და მიმდინარე რეფორმებით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. კიდევ ერთხელ შეშფოთება გამოითქვა რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის გამო, რომელიც საქართველოს რეგიონების ანექსიას ისახავს მიზნად. სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭრა. მათ გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შუწყონ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებას.

ipress.ge

Comments
Loading...