მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფო აპარატის თანამშრომელთა განახევრებას აპირებს

საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მისი გუნდი გადასახადების შემცირებას, სახელმწიფო საწარმოების გაყიდვას და სახელმწიფო აპარატის თანამშრომელთა 50%-ით შემცირებას გეგმავს.

ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემა „გორდონთან“ საუბრისას აღნიშნა.

„ჩვენი მთავრობის პირობებში, პირველი სამი თვის განმავლობაში უნდა შევამციროთ გადასახადები 60%-ით, უნდა შევამციროთ სახელმწიფო აპარატი 50%-ით. მე ვიცი, თუ როგორ გავაკეთოთ ეს. ჩვენ უნდა გავაუქმოთ რეგულაციების 80%. უკვე მაქვს რეგულაციების სია, რომელიც უნდა გავაუქმოთ. უნდა შევცვალოთ პოლიტიკური კლასი და უნდა გავყიდოთ სახელმწიფო საწარმოები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის 7 ნოემბერს კი განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

ორ დღეში, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სააკაშვილის განცხადება დააკმაყოფილა. ამის შემდეგ, სააკაშვილმა „ახალი ძალების პლატფორმის“ შექმნის შესახებ განაცხადი გააკეთა, რათა ვადამდელი არჩევნების საშუალებით, უმაღლეს რადაში მოხვდეს.

მიხეილ სააკაშვილი უკრანის ხელისუფლებას კორუფციული კლანების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

Comments
Loading...