მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლოა, რეგულაციები დაუწესდეთ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მარტში გაიმართება.

როგორც პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე აცხადებს, დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ფაქტობრივად, რეგულაციების ქვეშ არ არიან. მართალია, ონლაინ სესხებისგან განსხვავებით, მიკროსაფინანსოები ეროვნულ ბანკს ექვემდებარებიან, მაგრამ გარდა რეგისტრაციისა, სხვა მიმართულებით რაიმე რეგულირება არ ხდება. ახალ კანონპროექტში კი მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხების ორგანიზაციების რეგულირებისა და ანგარიშგების ფორმებზე იქნება საუბარი.

მიკროსაფინანსოებისა და ონლაინ სესხების გაუკონტროლებლობამ არაერთი ადამიანის ბინა თუ სიცოცხლე შეიწირა. ამდენად, მათთვის გარკვეული რეგულაციების შემოღების მომხრეა ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე.

For.ge-სთან საუბრისას პატა აროშიძე განმარტავს, რომ საკითხს ორი მხრიდან უნდა მივუდგეთ – ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი ჩარევა ბიზნესისა და ქვეყნის განვითარებისთვის კარგი არაა, მაგრამ, მეორე მხრივ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მრავალი ადამიანის გაუბედურების საფუძველი გახდა. მით უფრო, რომ კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ერთი შეხედვით, მიმზიდველი პირობები გააჩნიათ. ამდენად, როდესაც ბანკი ადამიანს უარს ეტყვის, ისიც მიკროსაფინანსოს მიმართავს და მის ხლართებში ებმება.

„თუ ამ სფეროს ნაწილობრივი რეგულირება მოხდება, მაქსიმალური ზედა ზღვარი დაუწესდებათ მიკროსაფინანსოებს კრედიტის საპროცენტო განაკვეთზე, ან იპოთეკურ კრედიტზე, ეს საფინანსო ურთიერთობების დარღვევა არ იქნება. მე ვიცი უამრავი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელსაც ისეთი საწესდებო კაპიტალი აქვს, რომ უკვე შეუძლიათ, ბანკებად გადაიქცნენ, მაგრამ სპეციალურად არ ღებულობენ ბანკის სტატუსს, რათა არ მოექცნენ ეროვნული ბანკის რეგულაციებში. რაც შეეხება ონლაინ სესხებს, აქ სრული უკონტროლობაა. ჩვენთან მოქმედებს ონლაინ სესხის გამცემი მრავალი ორგანიზაცია, რომელსაც ევროპაში აკრძალული აქვს მოქმედება. ერთ-ერთი მათგანი ჩვენში კარგად ნაცნობი კომპანიაა („ვივუსი“), რომელიც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში აკრძალულია. ისინი შემოდიან საქართველოში, რადგან ონლაინ კრედიტი არ ექვემდებარება არანაირ მეთვალყურეობას, ბანკი და სახელმწიფო მასზე ზედამხედველობას ვერ ახორციელებს, ინტერნეტრეგულაცია ჩვენში გაუკონტროლებელია. ასე რომ, ნებისმიერ პირს უპრობლემოდ შეუძლია შეავსოს ონლაინ სესხის მონაცემები, მიუთითოს, რომ სრულწლოვანია, 16 წელზე მეტის არის და ბავშვსაც შეუძლია აიღოს სესხი და პრობლემები შეუქმნას არა მარტო საკუთარ თავს, არამედ – ოჯახსაც. ამის მკაცრი რეგულაციაა საჭირო. თვითონ ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ არ უნდა აიღოს ასეთი სესხი, მაგრამ ადამიანები ამას ვერ ხვდებიან. ამიტომ მეორეა, ეროვნულმა ბანკმა მოახდინოს სამეთვალყურეო სპეციალური მიმართულების გახსნა და გონივრულ დონეზე რეგულირება“, – აღნიშნა პაატა აროშიძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა კაპანაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიკროსაფინანსოების შემთხვევაში, პირდაპირ კლიენტსა და გამსესხებელს შორის მიდიოდა მოლაპარაკება ფულის სესხების თაობაზე. ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსოებისგან, უბრალოდ, სტატისტიკურ ინფორმაციას იღებდა, თორემ რეალურ რეგულაციას არ ახორციელებდა. დღეს კი ეს სფერო იმდენად განვითარდა, რომ რაღაც თამაშის წესებს უნდა დაექვემდებაროს, თუმცა ეს არ უნდა იყოს დრაკონული კანონები.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ვაჟა კაპანაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი კომერციული ბანკის გაკოტრება უარყოფითად აისახება იმ უამრავი ადამიანის ბედზე, რომლებსაც დეპოზიტები აქვთ კომერციულ ბანკებში და ეს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც ემუქრება. სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე საზედამხედველო საქმიანობას ახორციელებს.

„თუ გახსოვთ, თავის დროზე საქართველოში გაკოტრდა ბეიკერის ბანკი – „აბსოლუტ ბანკი“. მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა იყიდა ეს ბანკი მთელი თავისი აქტივებითა და პასივებით და დეპოზიტზე არსებული ფულის მეპატრონეებს თანხა ერთი-ერთზე გაუნაღდა. დღეს ამბობენ, რომ 300 მილიარდის ქონებაა დაყადაღებული, გირაოში ჩადებული კომერციული ბანკების მხრიდან გაცემული 12 მილიარდი სესხის სანაცვლოდ. ამით კომერციული ბანკები დიდ მოგებაზე გადიან. თუმცა კომერციულმა ბანკებმა თავიანთი ტოტი მოიჭრეს, რომელზეც ისხდნენ, რადგან უძრავი ქონება, პრაქტიკულად, საქართველოში ამოიწურა. კომერციულმა ბანკებმა ამოწურეს უძრავი ქონების რესურსი.

რატომ მიეცათ მიკროსაფინანსოებს ასეთი დიდი გასაქანი? – იმიტომ, რომ ისინი გირაოს გარეშე გასცემენ თანხებს. დღეს უკვე მილიარდებს მიაღწია მიკროსაფინანსოების ბრუნვამ. მიუხედავად იმისა, რომ მიკროსაფინანსოები კლიენტთან ხელშეკრულებას არ დებენ, დაუბრუნებლობის შემთხვევაში, იცით, რამდენი უფლებები აქვთ? მიკროსაფინანსოებს შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ და, თუ რამე გაქვთ, დაგიყადაღონ. ამიტომ ვექტორი შებრუნდა და საფრთხე მეორე მხრიდან წარმოიშვა. მიკროსაფინანსოები ვითომ უძრავი ქონების გარეშე გასცემენ სესხებს, სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ამიტომ მათთვის რაღაც რეგულაციები უნდა დაწესდეს, რომ მოსახლეობა არ დააზარალონ, რომ მოსახლეობა ღრმად არ შევიდეს მიკროსაფინანსოების ვალდებულებებში და არ დაიღუპოს. მოსახლეობა ვალაუვალი არ უნდა გახდეს, თორემ რა მნიშვნელობა აქვს მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ძაღლი“?! -აღნიშნა ვაჟა კაპანაძემ.

წყარო: for.ge
მანანა ნოზაძე

Comments
Loading...