“მილიონები ჭამეს და გაიქცნენ” – რა ფინანსურ დარღვევებზე საუბრობენ საპატრიარქოს კლინიკის თანამშრომლები და რას პასუხობს დირექტორი
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების ნაწილი ადასტურებს, რომ კლინიკას მათ მიმართ სახელფასო დავალიანება აქვს.
მათივე განმარტებით, ნაწილს 4 თვის ხელფასი აქვს ასაღები, ნაწილს კი – 8 თვის.
“ზოგს 4 თვის, ზოგს 5-ის, ზოგს 7-8 თვის დავალიანებები გვაქვს ასაღები. დავალიანებები არის ძირითადად 2014-2016 წლების. ეს იმის ბრალია, რომ აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ელემენტარული მენეჯმენტი არ ესმით. ნათესაობით და მეგობრობით დაასაქმეს ხალხი. მილიონები ჭამეს და გაიქცნენ, მე რომ გავფლანგო ერთი ლარი, ვინ მაპატიებს? – აქ ვინც ვართ, ზოგს 4 000 ლარი აქვს ასაღები, ზოგს 7 000 ლარი. ექიმებს კიდევ უფრო მეტი”, – აცხადებენ კლინიკის თანამშრომლები.
რამდენიმე მათგანის თქმით, თუ დავალიანება მიმდინარე წელს არ დაიფარება, სასამართლოს მიმართავენ.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია “რუსთავი2”-მა წერილი გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, წერილის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებულმა მამა გიორგი მამალაძემ პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა. წერილში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში არსებულ ფინანსურ პრობლემებზეც არის საუბარი.
“ზოგს ჩვენი ვალი აქვს, ზოგის ვალი ჩვენ გვაქვს. მთავარია, ყოველ თვე ვარიგებთ ხელფასს”, – აცხადებს “ინტერპრესნიუსთან” საუბარში სამედიცინო ცენტრის ფინანსური დირექტორი ვეფხია ოდიშარია.
დირექტორი დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილში გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ვეფხია ოდიშარია კონკრეტულ ციფრებზე, თუ ვის რამდენი აქვს დავალიანება, არ საუბრობს და აცხადებს, რომ “ეს არის მუშა პროცესი და ყველაფერი გასწორდება”.
რაც შეეხება უშუალოდ ცენტრის დირექტორის მოადგილის, დეკანოზ გიორგი
მამალაძის დაკავებას, ვეფხია ოდიშარიას განცხადებით, სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებისთვის დაუჯერებელია მის მიმართ წაყენებული ბრალდება.
“ვთანამშრომლობთ საყოველთაო ჯანდაცვასა და სადაზღვევო კომპანიებთან. კლინიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ვცდილობთ სერვისების გაფართოებას. ჩვენც ვერ ვიჯერებთ მოწამვლის, თუ რასაც აცხადებენ იმ საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ. დაუჯერებლად მიმაჩნია და გაკვირვებული ვართ ყველანი”, – აცხადებს ვეფხია ოდიშარია.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია “რუსთავი2”-მა წერილი გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, წერილის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებულმა მამა გიორგი მამალაძემ პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა. წერილში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში არსებულ ფინანსურ პრობლემებზეც არის საუბარი. კერძოდ, დეკანოზი გიორგი მამალაძე წერს, რომ სამედიცინო ცენტრს 5 მილიონი ლარის დავალიანება აქვს.
“ჩვენ ფინანსური შემოწმება ჩავატარეთ საპატრიარქოს კლინიკაში, სადაც აღმოჩნდა 5 მლნ ლარამდე დავალიანება, რომელიც დაგროვილი იყო არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტის თაღლითური სქემების მეშვეობით და სადაც სავარაუდოდ, გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებიც”, – წერია დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში, რომელსაც “რუსთავი 2” ავრცელებს.