მიმდინარე წლის ორ თვეში, საქართველოს 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილის ინფრომაციით, საქართველოს მიმდინარე წლის ორ თვეში, 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

„2017 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 10.5%-ით (71 519) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი გაატარეს საქართველოში, 294 001 შეადგინა, რაც 24.3%-ით (57 417) მეტია 2016 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე.

ქეთევან ბოჭორიშვილის განმარტებით, უწყების მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო გახდეს ოთხსეზონიანი ტურიზმის მიმართულება, რაზეც იანვარ-თებერვლის მაჩვენებლები მიუთითებს, რომ საერთაშორისო ვიზიტორები და ტურისტები აქტიურად ინტერესდებიან საქართველოს ზამთრის კურორტებით.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.

ქეთევან ბოჭორიშვილის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩეოდნენ: გერმანია (+35%), პოლონეთი (+30%), ბულგარეთი (+29%) და საფრანგეთი (+19%). ასევე ზრდა ფიქსირდება გაერთიანებული სამეფოდანაც (+26%).

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+438%), უზბეკეთი (+211%), ინდოეთი (+129%), ისრაელი (+65%), ჩინეთი (+38%) და რუსეთი (+36%).

„ეს ყველაფერი სწორი მარკეტინგული კამპანიის შედეგია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს. მთავრობა სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას და კონკრეტულ მიზნობრივ ბაზრებზე გასვლას. ასევე აღსანიშნავია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მიმდინარე სამუშაოები მთის კურორტების განვითარებისთვის. ასევე ხაზგასასმელი ფაქტორია დამატებითი ავიარესიები, რისთვისაც სახელმწიფო არაერთ კონკრეტულ ქმედებას ახორციელებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის შეფასებით, მთავრობის სწორ მარკეტინგულ ხედვაზე მიუთითებს ტურიზმის სექტორში დაფიქსირებული 2016 წლის შედეგებიც.

„გასული წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა 817 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა +10.1), რაც 75 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, საქართველოში შემოსავალმა უცხოური ტურიზმიდან 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა +11.7), რაც 177 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, შეადგენს 7.8%-ს, რაც წინა წელთან შედარებით +14.7%-ით მეტია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება 2016 წლის სამი კვარტლის ჯამურ მონაცემებს, ამ მაჩვენებლით ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%.

2017 წლის იანვრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური გადახდის ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 152,896,000 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +37%-იანი ზრდაა.

Comments
Loading...