მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი რესპუბლიკურ საავადმყოფოს რამდენიმე დღეში დატოვებენ

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოს რამდენიმე დღეში დატოვებენ.

როგორც მათი მკურნალი ექიმი ნიკოლოზ კვაჭაძე აცხადებს, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდათ.

„ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღმოვუჩინეთ სამედიცინო დახმარება. ორივე პაციენტი გადაყვანილია პალატაში. უტარდებათ მკურნალობა და არც ერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

რაც შეეხება დაზიანებებს, ექიმი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია.

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი გვიან ღამით დაჭრეს. გოგოჭურს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხის არეში ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Comments
Loading...