“მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ჩემი საკუთარი დევნილობისა, როგორც არასდროს მჯერა საქართველოს უკეთესი მომავლის და ნათელი პერსპექტივის”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ”ფეისბუკის” გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, სადაც საქართველოს მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავს.
სააკაშვილი თითოეულ ქართულ ოჯახს ბედნიერებას, წინსვლას და კარგ განწყობას უსურვებს.
”თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი პრეზიდენტობის წლებში, ჩემი მომართვის დროს ვსაუბრობდი დიდ განვითარებაზე, დიდ წინსვლაზე, დიდ პროგრესზე, იმ გიგანტურ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო იმ წლებში დგამდა. მაშინდელი ჩვენი განვითარება იყო მისაბაძი და ზოგისთვის შურის საგანი, არამარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ბევრისთვის მსოფლიოს მასშტაბით. შემდეგ ეს ყველაფერი ერთბაშად შეჩერდა და ბევრი რამ უკანაც წავიდა. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ქართულ ოჯახს უჭირს. ვიცი, რომ ბევრ თქვენთაგანს ეკარგება მომავლის პერსპექტივა და იმედი, მაგრამ მინდა გითხრათ – მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ჩემი საკუთარი დევნილობისა, როგორც არასდროს მჯერა საქართველოს უკეთესი მომავლის და ნათელი პერსპექტივის, რადგან ჩვენ იმ წლებში ვნახეთ, რომ ქართველებს შეძლებიათ აღმშენებლობა, შეუძლიათ განსაკუთრებული რაღაცეების შექმნა და მართლაც მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს დავინახეთ და ამას ვეღარაფერი ვეღარ დაგვავიწყებს. ჩვენ ვერ მოგვახვევენ თავზე უიმედობას. რა შემოტევაც არ უნდა იყოს, რა პროპაგანდაც არ უნდა მუშაობდეს, რა ღალატსაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი, აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში არის ძალიან პატრიოტი, ერთგული, მაგარი ხალხი. მინდა მოგმართოთ თქვენ – ყველაფერი გამოგვივა თუ ჩვენს ძალებს ვირწმუნებთ. ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ”, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
“ინტერპრესნიუსი”