“მნიშვნელოვანი ობიექტების მფლობელი, რუსული კომპანიების საქმიანობა კანონმდებლობით რეგულირდება”

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ის, რომ წინა ხელისუფლების დროს, ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი კომპანიები რუსულმა კომპანიებმა შეიძინეს, მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას წაადგება.

კალაძის თქმით, რუსული კომპანიების საქმიანობა, რომლებიც საქართველოში მნიშნელოვან ობიექტებს ფლობენ, საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება.

“რაც შეეხება რუსული კომპანიების შემოსვლას ენერგეტიკის დარგში და მნიშვნელოვანი პროექტების მათზე მიყიდვას, თუ ჩვენ ამას პრობლემად ვხედავთ, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ თანხა, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში იქნება, ეკონომიკას მოხმარდება და ამაში პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ. მათი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება, ამიტომ, არ მგონია, რომ ეს არის პრობლემა, პირიქით, მივესალმები ინვესტიციების განხორციელებას. თუ იქნება უფრო მეტი შესაძლებლობები რომ საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდოს თანხები და ინვესტიციები განახორციელონ, მისასალმებელია”, – განაცხადა კალაძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

მისი თქმით, რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” მაღალი თანამდებობის პირების მიერ 2005 წელს გაკეთებულ განცხადებებს მილსადენის გასხვისებასთან დაკავშირებით, ისიც ფიქრობს, რომ ეს შეცდომა იყო.

“მეც ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იქნებოდა. საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩარევით. შემიძლია, გაჩვენოთ ხელშეკრულების ასლი, სადაც პირდაპირ არის მოთხოვნილი და ჩაწერილი, რომ მთავრობა არ გაყიდის, ან არ გადასცემს ნებართვას მილსადენის გაყიდვის თაობაზე და არცერთ შემთხვევაში, არ დაუშვებს გაზსადენის დაყადაღებას კომპაქტის ვადის გასვლამდე, “ათასლწეულის გამოწვევასთან” წერილობით შეთანხმების გარეშე. ანუ პირდაპირ იყო ჩაწერილი, რომ ამ მილსადენის გაყიდვა კატეგორიულად არ შეიძლებოდა. შეიძლება, ეს მოლაპარაკებების გარკვეული ტაქტიკაც კი იყო. ამაზე გამიჭირდება საუბარი. თუმცა, ნამდვილად სასიხარულია, რომ ეს მილსადენი კვლავ საქართველოს საკუთრებაშია”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
წყარო: PIA.GE

Comments
Loading...