„მოამბის“ ჟურნალისტი: „მოამბე“ საფრთხეშია, საზოგადოებრივ მაუწყებელში განსხვავებული აზრი კვლავ იდევნება

„მოამბის“ ჟურნალისტი, საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლაშა მესხი, საზოგადოებრივ მაუწყებელში შესაძლო საკადრო შემცირებებზე საუბრობს.

როგორც მესხი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, „მოამბე“ საფრთხეშია და საზოგადოებრივ მაუწყებელში განსხვავებული აზრი იდევნება.

„ფარსია გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა, მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ საფრთხის ქვეშ არ არის. მე როგორც „მოამბის“ კორესპოდენტი და საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ვაცხადებ, რომ ცვლილებები შესაძლოა, სწორედ „მოამბიდან“, მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყოს.

თებერვლის თვიდან გადაცემის 13 თანამშრომელს, მათ შორის, მეც, შრომის კოდექსის სრული უგულებელყოფითა და კანონდარღვევით გაგვიფორმდა ერთთვიანი შრომითი კონტრაქტები. გარდა იმისა, რომ ეს თანამშრომლების სტრესულ ვითარებაში ჩაგდება და სრული უპატივცემულობაა, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აღნიშნული შტატები სპეციალურად იწმინდება.

რეორგანიზაციის და წინა მენეჯმენტის ავკარგიანობის შეწავლის აუცილებლობა რომ დგას ტელევიზიაში, ამაზე გასული წლის მაისის შემდეგ ვსაუბრობ, თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, რეორგანიზაცია ქვემოდან ზემოთ კი არ უნდა დაწყებულიყო, არამედ იმათგან, ვის გამოც არ კრიზისული ვითარებაა, რომელიც სავსებით თვალსაჩინოდ ასახა ვასილ მაღლაფერიძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

ერთადერთი, რისი იმედიც ჩვენ გვაქვს არის რეალური სამოქალაქო საზოგადოება, იმიტომ რომ ჩვენზე „ზემოდან ვერავინ დარეკავს“. ასე რომ, მეგობრებო, დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

თუ სხვა გადაცემების „დახურვა“ ან „შეჩერება“ შეიძლება დროში გაიწელოს ჩვენ საფრთხის წინაშე ვართ დღეს! დიახ, „მოამბე“ საფრთხეშია და დიახ მაუწყებელში კვლავ იდევნება განსხვავებული აზრი!“, – წერს ჟურნალისტი.

Comments
Loading...