„მოიყვანონ და ჩემ თვალწინ დაწვან“ – სენაკში დაკარგული ბავშვის მშობლები დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ
სენაკში, ექვსი დღის წინ დაკარგული ბავშვის მშობლები სამძებრო სამუშაოებში მყვინთავების დამატებითი ჯგუფების ჩართვას ითხოვენ.
რვა წლის მოზარდს მდინარე ტეხურაში ამ დრომდე ეძებენ. მდინარესთან დაკარგული ბავშის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.
მეზობლის ჩვენების შემდეგ საქმეში არსებული ახალი გარემოებები გამოიკვეთა. მისი ინფორმაციით, მოზარდი ჯართის შესაგროვებლად, ფსიქიკური პრობლემების მქონე მეზობელთან ერთად, მდინარის პირას წავიდა.
ბავშვი მდინარეში ჩავარდა, თუმცა მეზობელს ამის შესახებ, არავისთვის შეუტყობინებია. ბავშვის ნათესავები მომხდარში მეზობელ მამაკაცს ადანაშაულებენ და მისი ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ.
„მოიყვანონ და ჩემ თვალწინ დაწვან. მერე მოვისვენებ. თუ არადა, არ მოვისვენებ. ეს გამორიცხულია“, – აცხადებს დაკარგული ბავშვის დედა.
როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამსართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარე ტეხურაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.