სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარე, მოსამართლე ნატა ნაზღაიძე მისი ძმის ბიზნესსაქმიანობასთან კავშირს გამორიცხავს.
მოსამართლე “იმედთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ის ძმასთანერთად ცხოვრობს, თუმცა მისი ქონების დეტალებით არ ინტერესდება.
ნაზღაიძე აქვე აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვის გამო, ის და მისი კოლეგები ცილისმწამებლური განცხადებების მსხვერპლნი არაერთხელ გახდნენ.
“აქ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება – ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემი როგორც არა მოსამართლის, არამედ როგორც კონკრეტულად “რუსთავი ორის” საქმის მოსამართლის მიმართ”,- განაცხადა ნატა ნაზღაიძემ.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანიის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.