მსჯავრდებული ქალები რუსთაველის თეატრის სცენაზე

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მსჯავრდებულების მონაწილეობით რუსთაველის თეატრში სპექტაკლი გამართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლი – „ჩემი მძევალი ანგელოზები“ გაიმართა. სპექტაკლში მსჯავრდებულებთან ერთად, რუსთაველის თეატრის მსახიობი გიორგი ზანგური თამაშობდა. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე; პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; მინისრტთა კაბინეტის წევრები; არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; მოლდოვის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია; დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები; უფლებადამცველები; მსჯავრდებულები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები და დეპუტატები დაესწრნენ. სპექტაკლის დასრულების შემდეგ პატრიარქმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მადლობა გადაუხადა და კახა კახიშვილს საჩუქრად ხატი გადასცა. ასევე, უწმინდესმა სიტყვით მიმართა მსჯავრდებულებს, მთავრობას და დამსწრე საზოგადოებას, სპექტაკლის მონაწილეები დააჯილდოვა, ხოლო პრემიერ-მინისტრს საკუთარი გულის ჯვარი უსახსოვრა.
„საოცარი იყო, ხალხმა ცრემლები ვერ შეიკავა. ჩვენ დავინახეთ ტკივილი და მოქცევა ქართველი ადამიანისა. მე ვფიქრობ, ეს ჩვენი ახალი მინისტრის დამსახურებაა და მინდა მას გადავცე ხატი საჩუქრად“, – განაცხადა პატრიარქმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, სპექტაკლზე მსჯავრდებულების მაყურებლების რანგში დასწრება სწორედ პატრიარქის დამსახურება იყო. „როდესაც პატრიარქს სპექტაკლზე დასწრება ვთხოვე, მითხრა რომ კარგი იქნებოდა თუ მაყურებლებს შორის მსაჯვრდებულები იქნებოდნენ. ჩვენ შევასრულეთ მისი უწმინდესობის თხოვნა და დღეს, სპექტაკლს 80 მსჯავრდებული ესწრებოდა. თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის და თითოეული ჩვენი მსჯავრდებულისთვის ძალიან ემოციური დღე იყო. პირველად გამოვიყვანეთ პატიმრები თეატრში და რუსთაველის თეატრის სცენაზე შესანიშნავ სპექტაკლს ვუყურეთ, რომელშიც დევს ძალიან ბევრი რამ. ჩემთვის პირადად ძალიან ემოციური დღე იყო. ძალიან ემოციური იყო ბატონი პრემიერ-მინისტრის, მინისტრების მობრძანება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მსჯავრდებულ ქალბატონებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სპექტაკლში, ასევე, რეჟისორს და თითოეულ ჩემს თანამშრომელს. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი შრომა იყო ჩადებული იმისთვის, რომ დღევანდელი დღე შემდგარიყო“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

postalioni.com

Comments
Loading...