მსოფლიოში საუკეთესო ვაკანსია ავსტრალიის კვინსლენდის შტატის მთავრობამ გამოაცხადა და ანაზღაურების სახით 150 000 დოლარი განსაზღვრა. დასაქმებულს 6 თვის მანძილზე ტროპიკულ კუნძულ ჰამილტონზე, ოკეანის სანაპიროზე მდებარე ფეშენებელურ ვილაში უნდა ეცხოვრა, პერიოდულად ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები დაეთვალიერებინა, წყლის თხილამურებზე ესრიალა, თევზები გამოეკვება, მარჯნის რიფებს დაკვირვებოდა და პირადი ბლოგი ეწერა.
კუნძულ ჰამილტონის მეთვალყურის ვაკანსია კვინსლენდის შტატის მთავრობამ 2009 წელს გამოაცხადა. დამსაქმებლებს განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონიათ. მათ არ აინტერესებდათ კანდიდატის განათლება და გამოცდილება. მთავარი მოთხოვნა ცურვისა და მოტორიანი ნავის მართვის ცოდნა და ისტორიების საინტერესოდ თხრობის უნარი იყო.
გასაკვირი არ არის, რომ დამსაქმებლებს სამუშაოს მაძიებელთა არმია მიაწყდა. მათ შორის, ავსტრალიელების გარდა, ყველა ეროვნებისა და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მცხოვრებლები იყვნენ, იღბლიანი გამარჯვებული კი ბრიტანელი ბენ საუტჰოლი გახდა. ბენმა 34 000-ზე მეტი კონკურენტი ჩამოიტოვა და საოცნებო სამსახური მოიპოვა.
სამი წლის შემდეგ BBC News-თვის მიცემულ ინტერვიუში ბენმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში საუკეთესო სამსახური“ იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან წარმოედგინა. მას უამრავი ადგილის მონახულება, შემდეგ კი ნანახისა და განცდილის ფურცელზე გადატანა უწევდა, რაც ძალიან დამქანცველი იყო. დაღლილობას ისიც დაემატა, რომ წყლის მოტოციკლით სეირნობისას, შხამიანმა მედუზა ირუკანჯიმ დასუსხა. გამოჯანმრთელებამდე ბენმა რამდენიმე დღე ლოგინზე მიჯაჭვულმა გაატარა. საბოლოოდ, დაძაბულმა სამუშაო გრაფიკმა მის პირად ცხოვრებაზეც იმოქმედა და საყვარელმა გოგონამ მიატოვა, თუმცა „მსოფლიოში საუკეთესო სამსახურის“ მფლობელის მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა – ბენს ავსტრალიელი გოგონა შეუყვარდა და მასთან დაქორწინება გადაწყვიტა.
„არასოდეს მეგონა, თუ საცხოვრებლად ავსტრალიაში დავრჩებოდი, მაგრამ აქ სოფი გავიცანი და ყველაფერი შეიცვალა. მსოფლიოში საუკეთესო სამსახურმა ნამდვილი სიყვარული მაპოვნინა“, – ამბობს საუტჰოლი.