მტაცებელი ცხოველების რეგულაციის ინიციატივით პარლამენტს 20 წლის სტუდენტმა მიმართა
მგელზე და ტურაზე ნადირობის ჯარიმისგან გათავისუფლებას ითხოვენ. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს 20 წლის სტუდენტმა, გიორგი ლაბაძემ მიმართა.
კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შევიდეს, რომლის თანახმადაც, ნადირობის წესების დარღვევად არ ჩაითვლება ისეთი მტაცებელი ცხოველების მონადირება, რომელთა სიმრავლეც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე სოფლის მეურნეობის წარმართვას და განვითარებას.
როგორც გიორგი ლაბაძე „აიპრესთან“ საუბარში ამბობს, საქართველოში ჩლიქოსანი ცხოველის რაოდენობას მტაცებელი ცხოველის რაოდენობა აჭარბებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მტაცებელი ცხოველები ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე შინაურ ცხოველებს თავს ესხმიან. პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების ინიცირების მიზეზიც ეს გახდა.
„ზოგადად არ კეთდებოდა განცხადებები იმის შესახებ, რომ მაგალითად იყო რქოსანი პირუტყვის კლება, ან მტაცებელი ცხოველების მატება. ამან გამოიწვია ის, რომ როდესაც რქოსანმა პირუტყვმა იკლო, მგლები გადავიდნენ მოსახლეობაზე. ეს ჩემთვის მიუღებელია და ამიტომ შევიტანე პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება.
გადავავლოთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს, რომელთა ფართობიც საქართველოს მნიშვნელოვნად აღემატება, თუმცა, იქ მგლების გაცილებით ნაკლები რაოდენობა ჰყავთ.
გარემოს დამცველები ამბობენ, რომ სხვა კანონში ცვლილებას უნდა ვითხოვდე, ფორმულირება არასწორია. ეს წინადადება იმიტომ წამოვაყენე, რომ პრობლემა გაჟღერებულიყო. შეიძლება რუსთაველზე მოსიარულე ადამიანმა საერთოდ ვერ გაიგოს, სოფელს რა აწუხებს, როდესაც ეს პრობლემა გაჟღერდება, ამას შესაბამისი კომიტეტი განიხილავს, როდესაც სიტუაციას შეისწავლის, თავად გადაწყვეტს ინიცირებას“, – აღნიშნა გიორგი ლაბაძემ.
მისი თქმით, მტაცებელი ცხოველების რაოდენობის რეგულირება ისე უნდა მოხდეს, რომ სახეობა შენარჩუნებული იყოს.
„ჩემი აზრით, როდესაც საქართველოში დაახლოებით 2000 მგელია, რაოდენობის რეგულირების შემთხვევაში, სახეობას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. ეს უფრო ექსპერტების თემაა, მე 20 წლის სტუდენტი ვარ და ამ თემაში ასე ჩახედული ვერ ვიქნები ბუნებრივია“, – დასძენს გიორგი ლაბაძე.
ipress.ge