მისი თქმით, უკრაინელ კოლეგებს დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზანშეუწონლობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს და შესაბამისი დოკუმენტაცია გადაუგზავნეს.
„საქართველოს პროკურატურა დღესაც დაუკავშირდა უკრაინის გენერალურ პროკურატურას და კიევის სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული პროცესის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. დღევანდელი სხდომა იმ მიზეზით გადაიდო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დოკუმენტაციის წარდგენა კიევის სააპელაციო სასამართლოსთვის დროულად ვერ იქნა უზრუნველყოფილი.
მთავარი პროკურატურა მუდმივ კონტაქტზე იქნება უკრაინელ კოლეგებთან და ყველაფერს გააკეთებს, რათა არ განხორციელდეს საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია იმ სახელმწიფოში, სადაც მისი უფლებების დარღვევის რისკი არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.
უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სხდომა შესაბამისი მასალების არარსებობის გამო, სამ თებერვლამდე გადაიდო.
აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.