მთავრობის ადმინისტრაცია ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში პრაღაში გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში არ არის ნახსენები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის კრიტიკა ქართველი პოლიტიკოსების პრორუსული განცხადებების გამო.

„2016 წლის 16 მარტს ქ. პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა, ხდება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების ხელყოფა. კერძოდ, ბოლო დროს გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში განვითარებული მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებას. ყოველივე ეს ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ. გრიგორი კარასინმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დააფიქსირა რუსეთის მხარის მიდგომა, რაც პრინციპულად განსხვავდება ქართული მხარის პოზიციისაგან. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემების მოგვარების, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს. გაიმართა საუბარი მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედების თაობაზე. აღინიშნა, რომ უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა სახის პრობლემები და სირთულეები. განხილულ იქნა ასევე ჰუმანიტარული საკითხები. კერძოდ, ცნობილი გახდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში საქართველოს რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების შესახებ, რომლებიც სასჯელს იხდიან ჯაშუშობის ბრალდებით. პრაღაში მომდევნო შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

Comments
Loading...