მთავრობის კანცელარიაში მინისტრები ღარიბაშვილთან იკრიბებიან

2016 წელს საქართველო შესაძლოა მოვალეობის შემსრულებელი მთავრობით შეხვდეს. საპარლამენტო უმრავლესობას ერთი კვირა რჩება ახალი მთავრობის დასამტკიცებლად, თუმცა ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის ახალი ხელმძღვანელი ჯერ უცნობია. ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვა. ახლა ჯერი უმრავლესობაზეა, რომელმაც მისი შემცვლელი უნდა დაასახელოს. სავარაუდო კანდიდატურებად საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდებიან.

ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან ირაკლი ღარიბაშვილთან და სწორედ მისგან მოისმენენ მთავრობის წევრები ღარიბაშვილის გეგმებზე ინფორმაციას და გაიგებენ როგორ უნდა განაგრძონ მინისტრებმა მუშაობა.

პრემიერმინისტრი თანამდებობიდან ოფიციალურად ერთი საათის წინ გადადგა. ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა საბოლოოდ ირაკლი ღარიბაშვილი კამერების წინ 20:00 საათზე გამოჩნდა და თან ჟურნალისტების გარეშე.

“ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად. ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის საშუალება იმისა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ძვირფას ხალხს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის გადადგომის შემდეგ მთავრობასაც ავტომატურად უფლებამისილება შეჩერებული აქვს და მინისტრებს მოვალეობის შესრულება პრეზიდენტმა უნდა დააკისროს.

Comments
Loading...