“მურუსიძის გადაწყვეტილებები გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის”

პრეზიდენტი ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნას გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი კანდიდატურა ქართული საზოგადოებისათვის მიუღებელია. მისივე თქმით, მურუსიძის გადაწყვეტილებები გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვისაც. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, იგი საზოგადოების წინაშე სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში ბრძოლა გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას. ასეთი გადაწყვეტილების მიმართ მიუღებლობა ქართულ საზოგადობისა განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ იურიდიულ საბჭოში ჩემ მიერ დანიშნული ერთი წევრი – და მე ერთი წევრის დანიშვნის უფლება მაქვს – ამ ერთმა წევრმა დატოვა ეს კენჭისყრა. სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. ეს არის ჩვენი ვალდებულება. პრეზიდენტს ამ თვალსაზრისით, აქვს შესაძლებლობა წარადგინოს უზენაისი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რასაც მე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით განვახორციელებ და ბრძოლა სამართლიანი სასამრთლოს შესაქმნელად საქართველოში გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან.“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, დღეს ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. მას მხარი საბჭოს 14 წევრიდან 10-მა დაუჭირა. სხდომას არ დაესწრო ორი წევრი – გოჩა მამულაშვილი, ავადმყოფობის გამო და პრეზიდენტის მიერ დანიშნული ვახტანგ მჭედლიშვილი. ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. “ახალგაზრდა იურისტთა ასცოაციის” თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მურუსიძეს ხმა არ მისცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ.

Comments
Loading...