„ნახშირი მიგვაქვს სახლში“ – დაზარალებული მოვაჭრეები „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში შეუშვეს
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები შენობაში შეუშვეს.
როგორც ისინი აცხადებენ, ქონება, რომელიც ცეცხლმა ვერ გაანადგურა, შენობის შიდა ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაზარალდა.
„ნახშირი მიგვაქვს სახლში. 40 წლის ნაშრომიდან, აღარაფერი დაგვრჩა. შეძლებისდაგვარად, რაც ამოვიცანით, ის გამოვიტანეთ“, – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
პროცესს შენობის მეწილეთა ნაწილი ესწრება. ადგილზე ასევე, სამართალდამცველებიც იმყოფებიან, რომლებიც დაზარალებულებთან ერთად, შენობაში შედიან, ვიდეოგადაღებას ახორციელებენ და შენობიდან გამოსული დაზარალებულების გამოკითხვას ახდენენ.
რაც შეეხება შენობის მარცხენა ნაწილს, რომელიც ყველაზე მეტად არის დაზიანებული, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ადგილზე მოვაჭრეებს მას შემდეგ შეუშვებენ, რაც ეს ნაწილი გამაგრდება.
„ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძარი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, დამწვარია 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართი.