ნანა დევდარიანი – სადაც კი შეერთებული შტატები შევიდა, იქ ქვა ქვაზე არ დატოვა
„პრორუსის“ და „აგენტის“ კლიშეს უაპელაციოდ მიკერება ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილად იქცა. ფსევდოლიბერალების მიერ ამგვარი თიკუნით „შემკული“ პოლიტიკური ძალების მარგინალიზაციის მცდელობის პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე საუბარიც კი მათი მხრიდან, ქვეყნის ღალატის ტოლფასად განიხილება.
ვის და რატომ არ აწყობს ორ ერს შორის პირდაპირი დიალოგი? რის ნაცვლად შეიძლება დაგვიბრუნოს რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო? რა შემთხვევაში ხდება რუსეთი საფრთხე საქართველოსთვის? ვართ თუ არა რეალურად სუვერენული სახელმწიფო და სად გადის ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არევს ვითარებას რეგიონში? ამ საკითხებზე sazogadoeba.ge- ს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი ესაუბრა:
-ქალბატონო ნანა, ნაციონალები და მათი სატელიტი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლების არალიბერალურ ფრთას მუდმივად პრორუსულობაში ადანაშაულებენ. პარალელურად, მმართველ კოალიციაში მყოფი „რესპუბლიკელები“ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს „ევრაზიული კავშირის“ ემისრებად მიჩნევენ. დავით ბერძენიშვილის თქმით, შუალედურ არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის დამარცხებით ევრაზიული კავშირის ბოლო ხვრელიც ამოქოლეს. თქვენ აზრით, რა ნიშნები არსებობს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო ვექტორი შეცვალა, ან „პატრიოტთა ალიანსი“ რა ნიშნით შეიძლება რუსეთის ინტერესების გამტარებლად ჩავთვალოთ?
-საუბედუროდ, ძველიც და ახლანდელი ხელისუფლებაც ერთ სქემას მისდევს, მოწინააღმდეგე ან აგენტი და პრორუსულია, ან კიდევ რაღაც უბედურება.
„პატრიოტთა ალიანსი“ აბსოლუტურად დაბალანსებულ საგარეო ვექტორს აჩვენებს. ამაზე მათი გამოსვლებიც და ვიზიტებიც მეტყველებს. მეტსაც გეტყვით, უფრო დასავლეთისკენ არიან გადახრილები, ვიდრე რუსეთისკენ. დამარცხებას რაც შეეხება, დავით ბერძენიშვილმა კარგად იცის, რომ არავითარი დამარცხება არ იყო. ის მინიმალური განსხვავება, რაც დაფიქსირდა, თავდაცვის მინისტრმა საგარეჯოში მიწერილი სამხედროების ხმებით ამოავსო. ეს იმდენად გამჭვირვალე და სასირცხვილო ამბავია, რომ, ვფიქრობ, თინა ხიდაშელმა ყველაფერს ხაზი გადაუსვა და თავი მოიჭრა. რა ხვრელები ამოგმანეს მაგათ, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია, საოლქო კომისიამ და სასამართლომ აშკარა დარღვევა ცოცხალი თავით არ სცნო. ორი ბიულეტენი, რომელიც ურნაშია ჩაგდებული, დიდი მსჯელობაც არ უნდა, პირდაპირ გასაუქმებელია. 46 %-ზე მეტი აქვს მიღებული ირმა ინაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ხელისუფლება მობილიზებული იყო.
-ე.წ ლიბერალების და აშშ-ს გარკვეული ძალების მხრიდან, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, მუდმივად ვხედავთ რუსეთის დემონიზირების მცდელობას. სხვათაშორის, ამასვე აღნიშნავს და ამ საკითხზე გლობალურ ჭრილში ღიად საუბრობს საფრანგეთის “ეროვნული ფრონტის” ლიდერი, ევროპარლამენტარი მარი ლეპენი. ულტრალიბერალების აზრით, რუსეთს საქართველოს მიმართ ცალსახად კოლონიალისტური იდეები ამოძრავებს და ამისთვის არაფერს იშურებს. თქვენი აზრით, რა შემთხვევაშია რუსეთი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მხრივ წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, რისკები რამდენად არის შემცირებული?
-რისკები უდავოდ შემცირებულია, ის აგრესიული, ანტირუსული რიტორიკა, რომელიც სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ჰქონდა, აღარ არის. ძალიან ფრთხილი ქმედებები ჩანს თანამშრომლობისკენ. პირველი ნაბიჯი არის ეკონომიკური ურთიერთობები და ვაჭრობა, ამ საკითხებზე მოლაპარაკება ყველაზე იოლია. ეს ქმნის საფუძველს იმისას, რომ მომავალში უფრო სერიოზულ საკითხებზე იყოს მსჯელობა.
რაც შეეხება დასავლეთს, მას ორი მდგომარეობა აქვს. როცა რუსეთი განადგურებულია და ფეხზე ვერ დგას, მაშინ უყვართ, გიჟდებიან მასზე, მაგრამ, როგორც კი რუსეთი ფეხზე წამოდგება და საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენს, მაშინვე იწყება მისი დემონიზირება. ჩვენთვის საფრთხე არის ყველა დიდი სახელმწიფო. რა, საფრთხე არ არის დასავლეთის ზესახელმწიფოები, იგივე შეერთებული შტატები? რა კოლონიალიზმზეა ლაპარაკი, როდესაც რუსული კოლონიალიზმის შემდეგ ჩვენ დაგვრჩა გაერთიანებული საქართველო, ხუთმილიონიანი მოსახლეობით და სრული ინფრასტრუქტურით. ახლა გადახედეთ ბოლო ოცი წლის ისტორიას, სადაც კი შეერთებული შტატები შევიდა, იქ ქვა ქვაზე არ დატოვა. თუ ამას კოლონიალიზმი არ ქვია და რაღაც კეთილშობილური სახელი „დემოკრატია“ ჰქვია, მაშინ საერთოდ უნდა გადავხედოთ ყველა ტერმინს, რითიც ვსარგებლობთ.
კოლონიალიზმის კიდევ ერთი გამოვლინება: ალბათ, ხშირად გინახავთ ვაკანსიები, სადაც წერია, რომ დამლაგებელმა უნდა იცოდეს ინგლისური ენა. რაში სჭირდება დამლაგებელს ინგლისური ენა? ეს არ არის კოლონიალიზმი, ოღონდ კულტურული? ქართული ენა ასეთი დამცრობილი საკუთარ ქვეყანაში არასოდეს ყოფილა, არც რუსეთის იმპერიის და მითუმეტეს, არც საბჭოთა დროს.
-ისევ წინა კითხვას რომ დავუბრუნდეთ, რუსეთი რა გარემოებაში ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის? ამ ურთიერთობებში სად გადის ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არევს ვითარებას რეგიონში?
-რუსეთს ყველაფერი გაცხადებული აქვს. ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებაზე მათ არანაირი ნეგატიური რეაქცია არა აქვთ, მაგრამ რუსეთისთვის წითელი ხაზია ნატოს სამხედრო ბაზა. ეს არაერთხელ აქვთ ნათქვამი. იმედია, საქართველოს ხელისუფლება დაფიქრდება და აწონ-დაწონის, ნატოს სამხედრო ბაზას ისეთი რა სარგებლი მოქვს საქართველოსთვის, რომ ამის ხარჯზე კიდევ დამატებითი საფრთხე შეიქმნას ქვეყნისთვის.
-თუ რუსეთი ჩვენგან ითხოვს ნატოსგან, ასე ვთქვათ, თავი შორს დავიჭიროთ, რადგან ამას პიდაპირ საფრთხედ აღიქვამს, ხოლო, საქართველოს მთავარი ამოცანა ტერიტორიების დაბრუნებაა, მაშინ ეს ორი მთავარი თემა შესაძლოა გახდეს თანაბარწონიანი და გაცვლადი მოლაპარაკების მაგიდასთან?
-მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, რადგან რუსეთის პრეზიდენტს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სამჯერ მაინც აქვს გაცხადებული, რომ არ არსებობს საკითხი, რომელზეც დალაპარაკება არ შეიძლება. ის პირდაპირ მიანიშნებდა და თუ შენ შენი ყველაზე სერიოზული პრობლემის მოგვარება გინდა, რა თქმა უნდა, ისე უნდა გააკეთო, რომ აქედან მანაც რაღაც სარგებელი ნახოს. ქართველი ულტარალიბერალები კი გაიძახიან, ჯერ ტერიტორიები დააბრუნონ და მერე ვილაპარაკოთო. მერე რაღა უნდა ილაპარაკო?
-მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლების რუსეთის მიმართ ზომიერი პოლიტიკის მიუხედავად, გამაღიზიანებელი და გაუგებარია ე.წ. მცოცავი ოკუპაციები და თუნდაც ცალმხრივი სავიზო რეჟიმის შენარჩუნება საქართველოსთან. ამ ფონზე, როგორ ფიქრობთ არსებობს რაიმე მზაობა მათი მხრიდან ურთიერთობების გაუმჯობესების? ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მათთვის, ასე ვთქვათ, უინტერესოები ვართ, ყოველ შემთხვევისთვის, ამ ეტაპზე მაინც?
-არა, მოდით ასე ვთქვათ, ჩვენი გეოპლიტიკური მდგომარეობის გამო, რუსეთისთვის საქართველო არ შეიძლება იყოს უინტერესო. ჩვენი ხელისუფლებაა გაუბედავი, სულ უკან იყურება, როდის რას წამოაძახებს და სად დააბეზღებს ნაციონალური მოძრაობა, ამერიკაში თუ ევროპაში. ამ გაუბედაობის ბრალია, თორემ მთლიანობაში, ხელისუფლების გაწონასწორებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს პოზიტიურად ვაფასებ. თუმცა, მეტი გამბედაობაა საჭირო, რადგან დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. რუსეთისთვის დრო არ არის ისეთი ცუდი ფაქტორი, როგორიც ჩვენთვის. მას აღიარებული აქვს აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ და გადავდგათ რადიკალური ნაბიჯები.
-არც თუ იშვიათად ისმის მოსაზრება, რომ შეერთებული შტატები საქართველოს აიძულებს შეასრულოს გამაღიზიანებლის ფუნქცია რუსეთის მიმართ. ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა წინა ხელისუფლების პირობებში. რა დივიდენდებს იღებს ამით დასავლეთი?
-დასავლეთს გაცხადებული აქვს ეს პოლიტიკა, ისინი ცდილობენ, რუსეთი მარწუხებში მოაქციონ და რაც შეიძლება მეტად დაასუსტონ. დასვლეთში ძალიან ცუდად იცნობენ რუსეთს, რაც მეტია ასეთი მცდელობები, მით მეტია შიდა კონსოლიდაცია და პუტინის რეიტინგი მხოლოდ მატულობს. ასე, რომ, თუ ასეთ რამეს სთხოვენ ხელისუფლებას და ისიც დაჰყვება, ეს ნიშნავს, რომ ის არ არის ხელისუფლება. პირველი ამოცანა შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა და არა ოკეანისგაღმელი პარტნიორის ინტერესების გატარება შენს სამშობლოში, შენი ერის ინტერესების წინააღმდეგ.
-და ბოლოს, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობს ეჭვები დასავლეთისგან მხარდჭერილი ლიბერალური ძალების მიმართ შუალედური არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გვახსოვს ფაქტები, აშშ-ს ელჩების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის. თუ კი ერთი რიგითი შუალედური არჩევნების ერთი კანდიდატიც კი პარლამენტში უცხო ძალების თუნდაც ირიბი ჩარევის გარეშე ვერ გასულა, ისმის კითხვა, რეალურად ვართ კი სუვერენული სახელმწიფო და რას ვითხოვთ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებისგან?
-სახელმწიფო სუვერენული არის მაშინ, როდესაც მისი ხელისუფლება, როგორც სუვერენული ქვეყნის ხელისუფლება ისე იქცევა. საგარეჯოში რაც მოხდა, არის სამარცხვინო. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ეს აუცილებლად აისახება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. ოღონდ ნაციონალებს ნურაფერი უხარიათ, არცერთი ხმა მათთან არ მიბრუნდება. პარლამენტში სხვა ძალები შევლენ და ეს ძალები „პატრიოტთა ალიანსი“ და ბურჯანაძის კოალიცია იქნებიან.